ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში ათმა ოპოზიციურმა პარტიამ, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა. ამის შესახებ ტაძრის ეზოში შეკრებილების წინაშე სიტყვით გამოსვლისას პუბლიცისტმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.
„მოგესალმებით, ჩემო იმისტებო, ჩემო ამისტებო, ძალიან კარგებო და მაგრებო, ვღელავ… ბევრჯერ დამიწერია სტატია აი, ამ ბაგრატის გამო. რატომ გაუკეთეთ მხოლოდ რესტავრაცია და რეკონსტრუქცია-რესტავრაცია რატომ არ გააკეთეთ-მეთქი? ახლა ეს ბაგრატი, ჩემი დაწუნებული რემონტით და იუნესკოს დაწუნებული რემონტით დგას ლამაზად, ძალიან ლამაზად დგას. მაგრამ, საყდრისი აღარ არის. ააფეთქეს. ააფეთქა ჩემმა, მე რომ ხმა მივეცი 2012 წელს, იმ ხელისუფლებამ.
„მე აქ, პარტიული არჩევნები რომ იყოს, მე აქ არ ვიქნებოდი. მე ჩემი რაღაც პრინციპები მაქვს. მე მგონი თქვენთვის, ყველასთვის მისაღები, მაგრამ ეს არის პარტიული არჩევნები და ეს არის ინდივიდუალური პიროვნების არჩევა. ძალიან საინტერესო კანდიდატია. ვინ უნდა მოსულიყო ჩემს სახლში, რომ მე რაღაცნაირად ამაზე თანხმობა მეთქვა. იმიტომ რომ მე არა ვარ არც ერთი პარტიის წევრი. არ არის ეს ჩემი მოწოდება არანაირად. მაგრამ ძალიან მაწუხებს ჩემი ქვეყანა და მაქვს ერთი რაღაც. ის რაღაც არის დასავლეთის კურსი. და არ მგონია, რომ ამას ვერ მოვესწრო. მგონია რომ ამას მოვესწრები. არავითარი ემოციური გადაწყვეტილება არ მიმიღია. ყველაფერი ძალიან გააზრებული მაქვს, ზედმიწევნით, ისე, როგორც არასოდეს. დიახ, ეს ინსტიტუცია [პრეზიდენტის], როგორმე უნდა ჩაიგდოს ხელში ოპოზიციურმა ძალამ“, განაცხადა თაკო ჩარკვიანმა და დაამატა, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს მხარი ახლანდელ ხელისუფლებას დაუჭირა, დღეს ოპოზიციური გაერთიანების გვერდით დგას, თან ხაზი გაუსვა, რომ თავად არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენს.
მან თქვა, რომ ის, რაც ახლა დასავლეთთან ურთიერთობების მიმართებით დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან ხდება, „შეგნებული სტაგნაციაა“.
ჩარკვიანმა აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების პირობებში „იყო დიდი შეცდომები, მაგრამ მას შემდეგ გაკეთებული არაფერი უნახავს”, არც ბათუმში, არც ქუთაისში და არც სხვაგან.
თაკო ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი „უნდა ჩავაბაროთ გამოცდილ დიპლომატს“ და ასეთი, მისი აზრით, გრიგოლ ვაშაძეა.
guardian.ge