მალხაზ კობაურს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა და იმ შემთხვევაში, თუ ბრალი დაუმტკიცდა, მას 16-დან ოც წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
პროკურორი აცხადებს, რომ საქმეში არის უტყუარი მტკიცებულება ვიდეომასალის სახით, სადაც მალხაზ კობაური დეტალურად უყვება მომხდარის შესახებ საპატრულო პოლიციის თანამშრომელს.
ბრალდების მხარის მტკიცებით, ბრალდებულს ვიდეოში დეტალურად აქვს აღწერილი, სად და რა ვითარებაში გადამალა მკვლელობის იარაღი. მწყემსმა იარაღი ვაზნებისგან დაცალა და მთის ფერდობზე მოისროლა.
პროკურორმა განაცხადა, რომ მალხაზ კობაურმა ზურგში და შემდეგ თავში სანადირო იარაღით ესროლა რაიან სმიტს, რის შემდეგაც ამერიკელი ადგილზევე გარდაიცვალა. გარდაცვლილის ცოლი გაქცევას შეეცადა, თუმცა ფეხი დაუცდა და კლდიდან გადავარდა. აღნიშნულის შემდეგ კობაურმა თავის არეში ესროლა 4 წლის ბავშვს, რის შედეგადაც ბავშვი ადგილზევე გარდაიცვალა.
ბრალდების მხარის მტკიცებით, მკვლელობის მიზეზი მალხაზ კობაურსა და მოკლულ მამაკაცს, რაიან სმიტს შორის მომხდარი კონფლიქტი გახდა. საქმის პროკურორმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე მედიას განუცხადა, რომ კონფლიქტის საფუძველი იარაღის უსაფრთხოდ მოხმარების წესების დარღვევა იყო.
ბრალდებული კი აცხადებს, რომ მკვლელობა მას არ ჩაუდენია.
„ისინი მე არ დამიხოცავს, ორი უცხოელი მამაკაცი იყო, მათ დახოცეს და დამემუქრნენ, დედმამიშვილებს დაგიხოცავთო”, თქვა მწყემსმა სასამართლო სხდომაზე, ვიდრე მოსამართლე მას პატიმრობას შეუფარდებდა.