აჭარის უმაღლესი საბჭოს „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის, თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა დაასახელა. კონსტიტუციის მიხედვით, ამ თანამდებობაზე კანდიდატი საბოლოოდ საქართველოს პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს. მარგველაშვილის მიერ რიჟვაძის კანდიდატურის მხარდაჭერის შემთხვევაში, იგი აჭარის მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და პროგრამას წარმოადგენს.
„ვფიქრობ, ის შემადგენლობა, რაც დღეს არის მინისტრთა კაბინეტში, არის დიდი კომპეტენცია, გამოცდილება, პროფესიონალიზმი. ჩვენ დეტალურად და ყურადღებით გავივლით ყველა იმ საკვანძო ფიგურას, რომელიც მინისტრთა კაბინეტში უნდა იყოს და შევჯერდებით, რა თქმა უნდა, უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების შედეგად, იმ შემადგენლობაზე, რომელიც თავს გაართმევს ადეკვატურად იმ გამოწვევებს, რომლებიც რეგიონშია. პერსონალიებზე ვისაუბრებთ ოფიციალური წარდგენის შემდეგ. მინდა გამოვხატო სრული მზაობა იმ კონკრეტული პასუხისმგებლობისთვის, რასაც ითვალისწინებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობა. კონსტიტუცია ითვალისწინებს გარკვეულ პროცედურებს, რასაც ჰქვია პრეზიდენტის მიერ ჩემი კანდიდატურის წარდგენა. ამ წარდგენის შემთხვევაში მე მზად ვარ წარვადგინო მთავრობის განახლებული შემადგენლობა, ასევე ის სამთავრობო პროგრამა, რომლითაც ჩვენ ვიმოქმედებთ აჭარის რეგიონში. ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ ხარისხობრივი და თვისობრივი ცვლილებები და სწორედ ახალი სამთავრობო პროგრამა ამ პრიორიტეტებს გაუსვამს ხაზს“, განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა კი უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ნატო-ს სამიტიდან დაბრუნების შემდეგ აჭარაში ჩავა და მთავრობის კანდიდატურის საკითხს “კოორდინირებულად” განიხილავს აჭარის პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციის პირობებში.
იმისათვის რომ კანდიდატი აჭარის მთავრობის მეთაური გახდეს, 21 დეპუტატიდან 11-ის მხარდაჭერა ესაჭიროება. „ქართული ოცნება“ უმაღლეს საბჭოში უმრავლესობას შეადგენს და 14 მანდატს ფლობს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი ზურაბ პატარაძემ 4 ივლისს დატოვა.