შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 5 ნარკორეალიზატორი დააკავა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო. ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის, მამუკა ჭელიძის თქმით, ნარკორეალიზატორთაგან 4 მარნეულში დააკავეს. ერთი ნარკორეალიზატორი კი უკრაინის მოქალაქე, თბილისში დროებით მცხოვრები პირია, რომელიც ნარკოტიკების რეალიზაციას ინტერნეტის საშუალებით ახდენდა.
„ქვემო ქართლის პოლიციის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, მარნეულში 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული 4 პირიდან სამი წარსულში ნარკოდანაშაულისთვისაა ნასამართლევი. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ.
პოლიციამ ოთხივე პირის მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ამოღებულია 5 შეკვრა „ჰეროინი“.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს”, აღინიშნა შსს-ში გამართულ ბრიფინგზე.