გარდაბნის მუნიციპალიტეტის მასშტაბით საბავშვო ბაღების აღდგენითი სამუშაოების შესასრულებად ხუთი ტენდერი იყო გამოცხადებული, აქედან ოთხი ტენდერი ჩატარდა, ოთხივეში გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია, ხოლო ერთი ტენდერი ჩაიშალა, – აღნიშნულის შესახებ „ბიზნესკონტინენტს“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორის მოადგილემ, ლევან ჩადუნელმა განუცხადა.
„პირველი ტენდერი – საცხენისში, ახალსოფელში, ნორიოში, კრწანისში, ზემო და ქვემო თელეთში საბავშვო ბაღების აღდგენას გულისხმობს. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება და სამუშაოები დაწყებულია.
მეორე ტენდერში შედის გამარჯვების #2, მარტყოფის #1, მარტყოფის #2, ახალი სამგორის, სართიჭალის #1 და #2 საბავშვო ბაღების აღდგენა. ტენდერი გამოცხადდა 16 მაისს და დასრულდა 6 ივნისს. ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან, სავარაუდოდ, 2 ივლისიდან გაფორმდება.
მესამე ტენდერი გაყოფილი იყო ორ ნაწილად. პირველი ნაწილში სოფელ მზიანეთსა და სოფელ ლემშვანიერას პირველ და მე-2 საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა ცალკე. დაიწყო 18 მაისს და დასრულდა 11 ივნისს.
მესამე ტენდერის მეორე ნაწილში გარდაბნის პირველი, მე-2, მე-3 მე-4 და მე-5 საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია იგულისხმება. ტენდერი გამოცხადდა 18 მაისს და დასრულდა 12 ივნისს.
გამარჯვებული გამოვლიდა მესამე ტენდერის მეორე ნაწილში. ხელშეკრულება აქაც, სავარაუდოდ, 2 ივლისიდან გაფორმდება.
გამოცხადებული იყო კიდევ ერთი ტენდერი, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილი საბავშვო ბაღების გარდა, ქესალოს, ნაზარლოს, ვახტანგისის, ყარაჯალარის, ნაგებისა და გამარჯვების მე-3 ბაღში სამუშაოებს ითვალისწინებს. გამოცხადდა ტენდერი 16 მაისს და დამთავრდა 7 ივნისს. აქაც ტენდერი კანონის ფარგლებში გაფორმდება.
ტენდერი ჩაიშალა – მესამე ტენდერის პირველ ნაწილში, რომელიც სოფელ მზიანეთსა და სოფელ ლემშვანიერას პირველ და მე-2 საბავშვო ბაღების რეაბილიტაციას გულისხმობდა.
ტენდერის ჩაშლის მიზეზი იყო ის, რომ მონაწილეობა არავინ მიიღო. დანარჩენი ტენდერებიდან კი, ოთხიდან სამში გამარჯვება ერთმა ფირმამ მოიპოვა“, განუცხადა „ბიზნესკონტინენტს“ ლევან ჩადუნელმა.