საქართველო

გიორგი კახიანი: ახალ მინისტრთა კაბინეტში არ იქნებიან ეკონომიკის და საგარეო საქმეთა ახლანდელი მინისტრები

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით ახალ მინისტრთა კაბინეტში ძველი წევრებიდან არ იქნებიან წარმოდგენილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.

„მთავრობის შემადგენლობაში14 წევრია, ამ ფორმით მოხდება ნდობის გამოცხადება ახალი მთავრობისთვის. უკვე ცნობილია, რომ ფინანსთა, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრები შეიცვლებიან, ამიტომ ფორმალურად ამ სამინისტროების მოადგილეები იქნებიან წარმოდგენილი ახალ შემადგენლობაში. კანონმდებლობის შეცვლის შემდეგ კი, თავიდან მოხდება ახალი შემადგენლობის წარდგენა“, განაცხადა გიორგი კახიანმა, რომლის თქმითაც უახლოეს მომავალში მოხდება იმ კანონპროექტების წარმოდგენა, რომელიც სამინისტროების გაერთიანებას ეხება.

მისივე თქმით, ვადების თვალსაზრისით, შეუძლებელია ერთდროულად კანონმდებლობაში ცვლილებების გატარება და ახალი მთავრობის ფორმირება, ამიტომ ამჟამად მთავრობის იგივე შემადგენლობის დამტკიცება მოხდება, როგორც ეს პრემიერობის კანდიდატმა, მაუკა ბახტაძემ შესთავაზა საპარლამენტო უმრავლესობას.

„სამინისტროების რესტრუქტურიზაციაში ცვლილებებს კანონმდებლობაში ცვლილებები სჭირდება, რაც ამ კვირის განმავლობაში შეუძლებელია. ამავდროულად, მთავრობის ფორმირებას თავისი ვადები აქვს და ამ კვირაშივე უნდა მოხდეს წარდგენა. გამომდინარე იქიდან, რომ ვადების თვალსაზრისით შეუძლებელი იქნება ერთდროულად კანონმდებლობაში ცვლილებების გატარება და ახალი კანონმდებლობის მიხედვით მთავრობის ფორმირება, ამჟამად მოხდება მთავრობის იგივე შემადგენლობის დამტკიცება იმ განსხვავებით, რომ მინისტრის მოადგილეების სახით იქნება წარმოდგენილი სამინისტროები. პროცედურულად ხვალვე, 11:00 საათზე დავიწყებთ საკომიტეტო განხილვებს და სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში, სურვილის მიხედვით იქნება შეხვედრები საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებში. უახლოეს მომავალში მოხდება იმ კანონპროექტების წარმოდგენა, რომელიც სამინისტროების გაერთიანებას ეხება“, აღნიშნა კახიანმა, როგორც ამას საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.

პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობასთან გამართული შეხვედრის შემდეგ მედიასთან შეხევდრისას დაადასტურა, რომ მის მინისტრთა კაბინეტში ახალი სახეები „აუცილებლად იქნებიან“, თუმცა მას დღეს მთავრობის წევრობის ახალი კანდიდატები არ დაუსახელებია და განაცხადა, რომ განხორციელდება სტრუქტურული ცვლილებები, რის შედეგადაც 14 სამინისტრო 11-ამდე შემცირდება, რაც საკანონმდებლო ცვლილებებს და გარკვეულ დროს, სავარაუდოდ 2-3 კვირას საჭიროებს.