6-11 ივნისს, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი დელეგაციასთან ერთად, ტელშაის მერის პეტრას კუიზინასის მიწვევით სამუშაო ვიზიტად იმყოფებოდა ლიეტუვას რესპუბლიკის ტელშაის მუნიციპალიტეტში.
მესტიის მერიის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მესტიის მუნიციპალიტეტსა და ტელშაის მუნიციპალიტეტს შორის, რაც გულისხმობს თანამშრომლობას ტურიზმის, ბიზნესის, კულტურის, განათლებისა და სპორტის სფეროებში.
მათივე ცნობით, მემორანდუმს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების მიერ ხელი საზეიმოდ მოეწერა ტელშაის ყოველწლიური ფესტივალის ფარგლებში, რომელიც წელს ლიეტუვას დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნებოდა.
მესტიის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ დელეგაციას თან ახლდა მესტიის მუნიციპალიტეტის ანსამბლის „რიჰოს“ წევრები რომელთა შემოქმედებამ დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც ტელშაის მოსახლეობაში ასევე ფესტივალზე მოწვეულ 10 სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციას შორის.
ვიზიტი მოიცავდა აგრეთვე ქართული სამზარეულოს ნიმუშების გაცნობას სხვა ქვეყნის დელეგაციებისთვის და მის პოპულარიზებას. ვიზიტის ფორმატი ასევე ითვალისწინებდა სამახსოვრო საჩუქრების გაცვლას – მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა საფრანგეთის, გერმანიის, ავსტრიის, ჩეხეთის, ბელარუსის, პოლონეთის, მოლდოვას და შვედეთის დელეგაციის ლიდერებს საჩუქრად გადასცა სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში დაცული ექსპონატების ამსახველი წიგნები, რამაც დიდი ინტერესი და აღფრთოვანება გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში.
„მემორანდუმის ფარგლებში აღნიშნული სფეროების წარმომადგენელთა დაინტერესების შემთხვევაში მომავალში შესაძლებელი იქნება ტელშაის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ერთობლივი პროექტების განხორციელება და მათში მონაწილეობის მიღება.
ვფიქრობთ წარმატებული პრაქტიკის მაგალითის გაზიარება ხელს შეუწყობს ჩვენი მუნიციპალიტეტის უფრო სწრაფ განვითარებას და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას“, აცხადებენ მესტიის მერიაში.