საქართველო

გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ მინისტრის თანამდებობა დატოვა

გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ მინისტრის თანამდებობა დატოვა. მან ამის შესახებ განცხადება ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

მან დაადასტურა, რომ პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისაგან განსხვავებული პოზიციები ჰქონდა.

კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს, როგორც მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება მისი შეხედულებისამებრ განახორციელოს საკადრო ცვლილებები.

„ჩემთვის ეს თანამდებობა უდიდესი პასუხისმგებლობა იყო…. მე ვეცადე, ვყოფილიყავი თითოეული მოქალაქის პრემიერ მინისტრი. დიახ, მიმიღია გადაწყვეტილებები საკუთარი თავის საზიანოდ, მაგრამ ყოველთვის მთელი გულით მჯეროდა და მჯერა, რომ ყველა გადაწყვეტილება, ყველა ნაბიჯი იყო ჩემი ქვეყნის, ჩემი სამშობლოს სასიკეთოდ ნაკარნახევი და იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში სიტუაცია უკეთესობისკენ შეგვეცვალა. მე, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიყავი და ვარ გუნდური მოთამაშე, აქედან გამომდინარე, ვხედავ გუნდში განწყობებს და რა თქმა უნდა, მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩემს სიტუაციაში უნდა მიეღო ნებისმიერი გუნდის ხელმძღვანელს. მე ვტოვებ დღს ჩემს თანამდებობას. მინდა აუცილებლად მადლობა გადავუხადო იმ უამრავ ძალიან კარგ ადამიანს, რომელიც ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში გავიცანი. მინდა ჩემს თანამშრომლებს გათენებული ღამეებისთვის, უდიდესი შრომისთვის, რომელიც მათ გასწიეს, გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა, მინდა მინისტრებს, გუნდის წევრებს გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა. მადლობა საპარლამენტო გუნდსაც და რა თქმა უნდა, პარტიის თავმჯდომარეს იმისთვის, რომ მე მომეცა საშუალება მემსახურება ჯერ მინისტრის პოსტზე, შემდეგ კი, პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე“, თქვა კვირიკაშვილმა, რომელმაც მანამდე ეკონომიკის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.