მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავეს. აბაზოვის დაკავების შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ადასტურებს.
მთავარ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი 14:00-ზე გაიმართება. საგამოძიებო მოქმედებები რუსთავის პროკურატურაში მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, მარნეულის მერი იმ ვიდეოს გამო აიყვანეს, რომელშიც დაფიქსირებულია როგორ აიძულებენ ერთ-ერთ მოქალაქეს მოშარდოს და შემდეგ შარდი სახეზე წაისვას.
სტუდია „მონიტორის“ მიერ გამოქვეყნებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი ის მამაკაცი გახდა, რომელიც პარლამენტთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა – ამ პიროვნებაზე ზეწოლა კი პარტია „ქართული ოცნების“ ადგილობრივმა წარმომადგენლებმა და მარნეულის მერმა განახორციელეს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ამსახველ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი პროკურატურაში 12 ივნისს დაიბარეს.
პროკურატურის ცნობით, მომხდარზე გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 1443 მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით დაიწყო.