საქართველო

გიორგი გახარია: ერთი და იგივე ადამიანები კლუბებში ვაჭრობენ ნარკოტიკული საშუალებებით, თუმცა კლუბის მფლობელებს არასდროს მოუმართავთ დახმარებისთვის

„არც ერთი შემთხვევა კლუბის მფლობელების, ხელმძღვანელობის მხრიდან არ ყოფილა, რომ მათ მიემართოთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და ეთხოვათ, რომ დავხმარებოდით ამ პრობლემის გადაწყვეტაში. მაშინ, როდესაც ჩვენ ვხედავთ მტკიცებულებებით, რომ ადამიანები, რომლებიც ვაჭრობენ ნარკოტიკული საშუალებებით, ჩვეულებრივად, ყოველგვარი დაცვის გვერდის ავლით შედიან-გამოდიან. ერთი და იგივე ადამიანები არიან ერთი და იგივე კლუბებში, როდესაც ვხედავთ, რომ ეს ადამიანები არიან ამ კლუბის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის სისტემური პრობლემა“, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ამასთან, მისი თქმით, სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ჯანდაცვის სისტემაში ინტოქსიკაციის რაოდენობა კრიტიკულად გაიზარდა, რასაც თავისი ახსნა აქვს.

მისი თქმით, ორი კომპონენტი იყო, რის გამოც ჩატარდა 12 მაისის ღონისძიებები – მტკიცებულებები და ოპერატიული ინფორმაცია.

„ეს იყო ის ძირითადი გამოწვევები, რის გამოც გადავწყვიტეთ ამ ღონისძიების ჩატარება. ორი კომპონენტი იყო – პირველი აბსოლუტურად ნათელი მტკიცებულებები და არანაირი ფორმალური იურიდიული შეკითხვები ამ მიმართულებით არ არსებობს და მეორე რა თქმა უნდა, ოპერატიული ინფორმაციაც, რის გამოც ჩვენ ეს ღონისძიება ჩავატარეთ“,  განაცხადა გიორგი გახარიამ.