საქართველო

„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ აცხადებს, რომ უფრო ორგანიზებულად დაუბრუნდება ქუჩას

„ჩვენი მოთხოვნები ძალაშია, ჩვენი პროტესტიც ძალაშია, პროცესი იქნება გამჭვირვალე და არასათანადოდ წარმართვის შემთხვევაში უფრო ორგანიზებულად დავუბრუნდებით ქუჩას“, აღნიშნულია „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მასში ნათქვამია, რომ 13 მაისის აქცია განსაკუთრებით მძიმე და დაძაბულ ვითარებში წარიმართა და ვითარება კიდევ უფრო გამწვავადა ღამით. კონტრდემონსტრანტები ისროდნენ ქვებს, ბოთლებს და აგრესიაც უფრო მატულობდა, ხოლო ორგანიზატორების ნაწილი უკვე საუბრობდა პროტესტის დროებით შეჩერებაზე, რა დროსაც მათთან მივიდა შეტყობინება, რომ შს მინისტრი პარლამენტში მათთან შესახვედრად მივიდა.

„შეხვედრაზე გიორგი გახარიამ განგვიცხადა, რომ პოლიციის თანამშრომლებს უკვე უჭირდათ ეგზალტირებული მასის შეკავება და იძულებულნი გახდებოდნენ მათ მიმართ სპეც დანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლები გამოეყენებინათ. ჩვენ აქციის დაწყებიდან მოვუწოდებდით პოლიციას, რომ არ გამოეყენებინათ ზედმეტი ძალა კონტრდემონსტრანტების მიმართ, დარბევისა და პოლიციური ძალადობის წინააღმდეგ შეკრებილი საზოგადოება მათ დარბევას ვერ დავუშვებდით, ასევე ვერაფრით დავუშვებდით თუნდაც ჰიპოთეტურად კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო თქვენი უსაფრთხოება. ვიაზრებდით რომ აგრესიული ჯგუფების დარბევით ვითარების კიდევ უფრო გამწვავების საშიშროება არსებობდა, როგორც ადგილზე, ასევე სამომავლოდ. დადგა კომპრომისების საჭიროება. ვითარების განმუხტვის მიზნით კი, ჩვენ პროტესტის დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება მივიღეთ“, აცხადებენ ორგანიზაციაში და განაგრძობენ, რომ მოგვიანებით შს მინისტრმა თავად მიმართა მათ მხარდამჭერებს თხოვნით ესკალაციის საშიშროების გამო შეეწყვიტათ საპროტესტო აქცია, დემონსტრანტებმა კი მისგან სანაცვლოდ ბოდიშის მოხდა მოითხოვეს.

„გიორგი გახარიამ ბოდიში მოიხადა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ეს იყო პირველი არასრულყოფილი, მაგრამ მაინც შეცდომის აღიარება პოლიტიკური სისტემის მხრიდან, რაც უპირველესად თქვენი, თანასწორობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების დამსახურებაა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ჩვენი გადაწყვეტილება არ ნიშნავს უკან დახევას, ეს იყო სტრატეგიული სვლა და ხაზგასმა ჩვენსავე ღირებულებებზე. ჩვენ არ დავუშვით სამოქალაქო დაპირისპირება და ამასთან ვაიძულეთ სისტემა წამოსულიყო დიალოგზე. კომპრომისი იყო ორმაგი. შს მინისტრისგან მივიღეთ მოლაპარაკების ფორმატის შეთავაზება, სადაც პარალელურად განიხილება ორი საკითხი:

1) 12 მაისის ღამის მოვლენების ერთობლივი განხილვა და ძალის გადამეტების ფაქტების დადასტურების შემთხვევაში პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.

2) ნარკოპოლიტიკის რფორმაზე მუშაობა და უახლოეს მომავალში მიღება.

„ბუნებრივია ეს არ არის ის მაქსიმუმი რის მიღწევასაც ვითხოვდით, ეს არ ნიშნავს რომ შედეგი მივიღეთ და კმაყოფილნი ვართ, თუმცა მიგვაჩნია, რომ მოლაპარაკების რეჟიმში გადასვლა ცდად ღირს. ჩვენი მოთხოვნები ძალაშია, ჩვენი პროტესტიც ძალაშია, პროცესი იქნება გამჭვირვალე და არასათანადოდ წარმართვის შემთხვევაში უფრო ორგანიზებულად დავუბრუნდებით ქუჩას“, აცხადებენ „თეთრი ხმაურის მოძრაობაში“.