„მოდით, მაშინ მინდა დავიწყოთ ბოდიშით – ბოდიში“, ასე დაიწყო მიმართვა პარლამენტის შენობის წინ „თეთრი ხმაურის“ აქციაზე ამ წუთებში სიტყვით წარმდგარმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.
„მე ვიხდი ბოდიშს არა მხოლოდ ჩემი სახელით, არამედ თუ რომელიმე თქვენგანს ან თქვენს უსაფრთხოებას რისკი შეუქმნა შსს-ს რომელიმე წარმომადგენელმა“, განაცხადა გიორგი გახარიამ, რასაც შეკრებილთა მხრიდან ოვაციები მოჰყვა. მინისტრმა განაგრძო:
„თუმცა, მინდა ასევე გითხრათ და გთხოვოთ თქვენ, მათ მხოლოდ, რომლებმაც ასევე მიაყენეთ შეურაცხყოფა ფორმიან ადამიანს, რომელიც იცავდა სხვა ადამიანის უფლებებს, ასევე მათაც ვუთხრათ ბოდიში“. გახარიას ეს სიტყვები კი აქციის მონაწილეებს არ მოეწონათ, რაზე მინისტრმა თქვა, რომ მათი ნება იყო ამის გაკეთება-არგაკეთება.
მან პირობა დადო, რომ ორშაბათს 10 საათიდან განაახლებს ოპონენტებთან შეხვედრას და დეტალურად განიხილავს სპეცოპერაციის ყველა წუთს.
მან მოუწოდა შეკრებილებს, რომ არ შევიდნენ კონფლიქტში და დაემორჩილონ პოლიციის მითითებებს და თბილისს „ჩვეულებრივი სამუშაო ორშაბათის დილით“ ცხოვრების საშუალება მიეცეს.
“პირველი ჩვენი ამოცანაა დავასრულოთ ეს საღამო მშვიდობიანად”, განაცხადა გახარიამ.
„მინდა გთხოვოთ, დავემორჩილოთ პოლიციის მითითებებს, რათა დავიცვათ ჩვენი და ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოება, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა მეორე ამოცანა ან მესამე ხარისხის, ან პირველი ხარისხის, რომელზეც ვისაუბრეთ, იქნება უკვე უმნიშვნელო, რადგან თითოეული ქართველი მოქალაქის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და არა აქვს არანაირი მნიშვნელობა მის ორიენტაციას, რელიგიურ მრწამსს თუ ასაკს“, უთხრა მან აქციის მონაწილეებს და დაამატა, რომ თუ მის მიერ მიცემული დანაპირები არ შესრულდება, მათ კვლავ შეეძლებათ თავისუფლად შეკრების და მუსიკის მოსმენის საშუალება, რასაც აქციაზე ოვაციები მოჰყვა.
„ასევე, რა თქმა უნდა, მინდა, მივმართო ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, რომელიც დღეს მთელ რუსთაველის გამზირზე არის შეკრებილი. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ და შევინარჩუნოთ ის მიღწევები – თავისუფლების და გამოხატვის, რომელიც გვაქვს და არ უნდა შევიდეთ კონფლიქტში, რომელიც მხოლოდ დაგვაკარგვინებს დროს, ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვთ, ამ წუთიდან დავემორჩილოთ პოლიციის მითითებებს. იმ დაპირებებისა და პირობების გათვალისწინებით, რაც იყო ჩვენი მხრიდან გაცემული, მივცეთ საშუალება თბილისს, ხვალ იცხოვროს ჩვეულებრივი სამუშაო, ნორმალური ორშაბათი დღით. თქვენ ხართ ამ ქვეყნის მომავალი და ჩვენ ყველას ერთად უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ადამიანი, რომელიც დღეს დგას ქუჩაში, არის ძალზედ ფასეული ამ ქვეყნის მომავლისთვის. ამიტომ ვცეთ ერთმანეთს პატივი და გავუფრთხილდეთ ერთმანეთის უსაფრთხოებას“, აღნიშნა გახარიამ.
“ჩემი მხრიდან გპირდებით, რომ ხვალ, დილით 10:00 საათზე, თქვენს წარმომადგენლებთან ერთად, რომელსაც თქვენ აირჩევთ, დეტალურად განვიხილავ პარასკევი დღის ყოველ წუთს. ყველა ის ადამიანი, რომელიც ერთობლივად შევთანხმდებით, რომ მისი უფლება დაირღვა, რა თქმა უნდა, უფლება აღდგენილი იქნება. მე ასევე გპირდებით, რომ ჩვენ კონკრეტულ შედეგებს მივაღწევთ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით.
ასევე, ვთანხმდებით იმაზე, რომ თუ ეს დაპირებები არ შესრულდება, ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია, ამ თავისუფალ ქალაქში, თავისუფალი პარლამენტის წინ, ისევე შევიკრიბოთ, ან ვიცეკვოთ, ან მოვუსმინოთ მუსიკას“, განაცხადა გიორგი გახარიამ.
მინისტრის ამ სიტყვების შემდეგ ბექა წიქარიშვილმა თქვა, რომ მათი მოთხოვნები იქნება ლეგიტიმური და თუ არ შესრულდება ხელისუფლების დანაპირები, ისინი კვლავ გამართავენ აქციებს და ტაიმ-აუტისთვის ერთკვირიან ვადას იღებენ.
„ვაანონსებთ შაბათს უფრო დიდ აქციას. ვნახოთ რამდენად რეალური იქნება დაპირებები, რომელიც დღეს მივიღეთ და მოვიქცევით შესაბამისად. და ერთი რამ რაც მინდა გთხოვოთ, როგორც თქვენმა თანამებრძოლმა, მთელი ეს კვირა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ დავარწმუნოთ საზოგადოება იმაში, რომ ჩვენ მართლები ვართ და ამ სიმართლეს ბოლომდე მივიყვანთ“, განაცხადა წიქარიშვილმა.
ამ წუთებში კი “თეთრი ხმაურის” აქციის მონაწილეები ტოვებენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას, თუმცა კონტრაქციის მონაწილეები, მათ შორის “ქართული მარშის” წევრები, ასევე ჯონდი ბაღათურია და სხვა პოლიტიკოსები წინააღმდეგობას განაგრძობენ. მათთან შესახვედრად გიორგი გახარია და კახა კალაძე მივიდნენ.
„სირცხვილი, სირცხვილი, სირცხვილი…“ – ასეთი შეძახილებით შეხვდნენ გიორგი გახარიას კონტრაქციის მონაწილეები.

