ნიუ-იორკის გენერალურმა პროკურორმა ერიკ შნაიდერმანმა მისი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადა, სულ რაღაც რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც „The New Yorker“-ში შოკისმომგვრელი ცნობები გავრცელდა იმის შესახებ, თუ როგორ აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას იგი მის ოთხ ყოფილ პარტნიორ ქალს, რომელთანაც მას სასიყვარულო ურთიერთობები აკავშირებდა.
„დიდი პატივი და პრივილეგია იყო ჩემთვის, მემსახურა ნიუ-იორკის შტატის მცხოვრებთა გენერალურ პროკურორად“, განაცხადა შნაიდერმანმა ორშაბათს გვიან გავრცელებულ განცხადებაში. „ბოლო რამდენიმე საათში, ჩემს წინააღმდეგ გაიჟღერა ბრალდებების სერიამ, რომელსაც მე მძლავრად ვეწინააღმდეგები. მაშინ როცა ეს ბრალდებები არ უკავშირდება ჩემს პროფესიულ საქმიანობას ანდა ოფისის ოპერირებას, ისინი ხელს შემიშლიან გავუძღვე ოფისის სამუშაოს ამ კრიტიკულ მომენტში“.
ორშაბათს, მიშელ მანინგ ბარიშმა და ტანია სელვარტნემმა განაცხადეს, რომ შნაიდერმანი, 63 წლის, მათი თანხმობის გარეშე ბევრჯერ სცემდა მათ, ხშირად სმის შემდეგ და ხშირად ლოგინში. მანინგ ბარიშის თქმით, შნაიდერმანმა მას უთხრა: „თუკი ოდესმე დამტოვებ, მე შენ მოგკლავ“.
ორმა სხვა ქალბატონმა, რომელთაც ანონიმურად დარჩენა არჩიეს, ანალოგიური ბრალდებები წაუყენეს შნაიდერმანს და თქვეს, რომ იგი მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა.
მალევე, როგორც კი ამერიკულ გამოცემაში აღნიშნული ცნობები გამოქვეყნდა, შნაიდერმანი ბრალდებების უარყოფას შეეცადა და თქვა, რომ იგი არაერთხელ ყოფილა ჩართული „მხოლოდ ურთიერთანხმობის ნიადაგზე დაფუძნებულ სექსუალურ აქტივობებში“, მაგრამ „არასოდეს მიუყენებია შეურაცხყოფა ვინმესთვის“.
მაგრამ სულ რაღაც რამდენიმე საათში შნაიდერმანის მოკავშირეებმა, მათ შორის ნიუ-იორკის გუბერნატორმა, ანდრიუ ქომომ და სენატორმა ქირსტენ ჯილიბრანდმა (ორთავე „დემოკრატია“) მოუწოდეს მას, გადამდგარიყო დაკავებული თანამდებობიდან.

