ახალი რეგულაციები, რომლებიც კომერციული ბანკებისთვის დაწესდა, სწრაფ და ონლაინ სესხებზეც გავრცელდება, აცხადებს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე და ამის მიზეზს განმარტავს.
„საბანკო სექტორს ჰქონდა თავისი რეგულაცია, არასაბანკო სექტორს, მიკროსაფონანსო ორგანიზაციებს თავისი, ონლაინ სესხებზე სხვა რეგულაციები ვრცელდებოდა და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი არ იყო ერთიან რეგულაციაში მოქცეული და ეს რა თქმა უნდა, იქცა გარკვეულწილად პრობლემის ერთ-ერთ წყაროდ. აქედან გამომდინარე, ის თამაშის წესები, რომლებზეც მე ვსაუბრობ, შეეხება ყველას, მათ შორის, რა თქმა უნდა, სწრაფი და ონლაინ სესხების წარმომადგენლებსაც, ვინაიდან სწორედ ამ მიმართულების მიერ შექმნილმა ასეთი ტიპის მომსახურებებმა შექმნა უპირველეს ყოვლისა ის ჭარბვალიანობის პრობლემა საქართველოში, რომელსაც დღეს ჩვენ ვხედავთ“, განაცხადა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქის“ მომხმარებლების მიერ დასმული შეკითხვების პასუხისას.
კომერციული ბანკებისთვის 2018 წლის 7 მაისიდან, ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები ამოქმედდა. სებ-ის ახალი რეგულაციების მიხედვით, 2018 წლის 7 მაისიდან კომერციულ ბანკებს მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა ეზღუდებათ. ასეთი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს.
ამასთან, მსესხებლის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 15%-ს და სესხის გაცემისას, სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი (Loan to Value Ratio) 50%-ზე მეტი არ უნდა იყოს.