საქართველო

ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გიორგობა აღნიშნეს

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე და I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონების სამხედროებმა გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული ავღანეთში აღნიშნეს. საეკლესიო ღვთისმსახურება III და I ქვეითი ბრიგადების კაპელანებმა, დეკანოზმა გობრონმა და დავითმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ქართულ ეკლესიაში აღავლინეს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ახლო მომავალში დაასრულებს. ქვედანაყოფს, როტაციის წესით, ეტაპობრივად I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონი ანაცვლებს. უახლოეს მომავალში ახლადჩასული I ქვეითი ბრიგადის ქვედანაყოფი სამოქმედო არეალს სრულად გადაიბარებს და საერთაშორისო მისიის შესრულებას დაიწყებს.