საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებმა შეასუსტა ინსტიტუციები, პრეზიდენტის ინსტიტუტი და თვითმმართველობები, რაც თვითმმართველი ქალაქების გაუქმებაში გამოიხატა, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის წესის შეცვლა კი „მოსახლეობის ნების სრული საწინააღმდეგო იყო“.
მან თქვა, რომ ქვეყანაში არ შეიქმნა კანონმდებლობა ძლიერი ოპოზიციის შესაქმნელად, საარჩევნო კანონის დაუყოვნებლივ შეცვლა მოითხოვა და აღნიშნა, რომ პარლამენტის პროპორციული არჩევნების წესით არჩევა არა 2024 წლიდან, არამედ 2020 წელს უნდა მოხდეს.
თუმცა პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს სახე შეიცვალა და ის „არ არის აგრესიული და მოქალაქეს სახელმწიფოსი არ ეშინია“ და პოზიტივი ამ მიმართულებით სახეზეა, მათ შორის პენიტენციურ სფეროში, მაგრამ ეს ცვლილებები უნდა მომხდარიყო უფრო ღრმად.
მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ აუცილებელი იყო სამართალდამცავ სისტემაში დარჩენილი დამნაშავე პირების სამსახურებიდან გათავისუფლება.
პრეზიდენტმა იკითხა: იმ ფონზე, როცა პროკურატურაში ძველი კადრების შეცვლა არ მომხდარა, როგორ იქნება ზვიად გამსახურდიას, ზურაბ ჟვანიას, რაფალიანცის, აფგან მუხთარლის საქმეები სამართლიანად გამოძიებული?