საქართველო

კახა კალაძე: თუ მოვახერხებთ, რომ მახინჯი ავტოფარეხების ადგილას მოეწყოს რეკრეაციული ზონები, ეს იქნება ძალიან წარმატებული პროექტი

თბილისის მერი კახა კალაძე ახალი ინიციატივით გამოდის და დედაქალაქის მოსახლეობას ავტოფარეხების ადგილას სკვერების, ბაღებისა და სპორტული მოედნების გაშენებას სთავაზობს.

მერმა თბილისის რაიონების გამგებლებს დაავალა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაიწყონ კომუნიკაცია მოსახლეობასთან. როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, მოსახლეობის მზაობის შემთხვევაში, „სიმახინჯეების” ადგილას მწვანე სივრცეები გაჩნდება.

„ყველა რაიონში და უბანში არსებობს ავტოფარეხები, რომელთა ადგილზეც, ვფიქრობ, შესაძლებელია საინტერესო პროექტების განხორციელება. თუ მოსახლეობის სურვილი იქნება, ჩვენ მზად ვართ, ამ ავტოფარეხების ადგილზე გავაშენოთ სკვერები, ბაღები, სპორტული მოედნები და ყველა ხარჯს თავის თავზე აიღებს თბილისის მერია. თქვენ იცით, რომ ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოვასწოროთ, ეს ზოგადად მსოფლიო გამოწვევაა და თბილისშიც ამ მიმართულებით სერიოზული პრობლემები გვაქვს. მნიშვნელოვანია როგორც პარკების, სკვერების რეაბილიტაცია და მშენებლობა, ასევე, ასეთი მწვანე სივრცეების მოწყობაც. თუ უბნებში მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაციით მოვახერხებთ, რომ ამ სიმახინჯეების ადგილას, რომელიც მეტწილად უფუნქციოა და ბევრ შემთხვევაში არაკანონიერიც, მოეწყოს რეკრეაციული ზონები, ეს იქნება ძალიან წარმატებული პროექტი. ქალაქში გაჩნდება უფრო მეტი მწვანე სივრცე, სადაც ჩვენს შვილებს ექნებათ შესაძლებლობა, დრო გაატარონ“, განაცხადა კახა კალაძემ.