ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენმა მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ყურადღება საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, ადამიანის უფლებებსა და მედიის თავისუფლებაზეა გამახვილებული.
„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს დე ფაქტო მთავრობები აკონტროლებენ. მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ზავი დაცულია, 2008 წლიდან დღემდე რუსეთის ჯარი ადგილიბრივ მოსახლეობას, ეთნიკურად ქართველებს საოკუაპციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უკანონოდ აკავებს. რუსეთი აგრძელებს ე.წ. ბორდერიზაციას საქართველოს ტერიტორიაზე.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველებს დე ფაქტო მთავრობები პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებში მონაწილეობას კატეგორიულად უკრძალავენ, 300 ათასამდე იძულებით გადაადგილებულ პირს არ აქვს უფლება დაბრუნდეს საკუთარ მიწაზე, მათი ქონებრივი უფლებები დარღვეულია. აღნიშნულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეებს შესვლა ეკრძალებათ. ამ დაბრკოლების გამო გარკვეული ინფორმაცია ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ დაფარული რჩება”, ნათქვამია შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელშიც ყურადღება ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზეც მახვილდება.
„აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის აფგან მუხთარლის ოჯახის მტკიცებით, მუხთარლი საქართველოს სახელმწიფო სამსახურის რამდენიმე თანამშრომელმა უკანონოდ აზერბაიჯანში გადაიყვანა. საქართველოს პრეზიდენტმა, სახალხო დამცველმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოთქვეს შეშფოთება სახელმწიფო პირების მიერ აფგან მუხთარლის უკანონო გატაცების გამო. საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ მუხთარლიმ საზღვარი საკუთარი ნებით გადაკვეთა. თავად მუხთარლის მტკიცებით, საქმეში ქართულ ენაზე მოსაუბრე, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირები ფიგურირებდნენ. საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება. საქართველოს მთავრობა დღესდღეობით განცხადებისგან თავს იკავებს, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება”, წერია ანგარიშში.
ანგარიშში საუბარია ასევე საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებული მდგომარეობაზე.
„საქართველოში მნიშვნელოვანად გაუმჯობესდა მდგომარეობა პენიტენციურ სისტემაში. ასევე შემცირებულია პატიმრების სიკვდილიანობა. პრობლემად ისევ რჩება წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირებისა და მსჯავრდებულების ერთ საკანში მოთავსების საკითხი. ანგარიშის თანახმად, ეს პრობლემა იკვეთება გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებასა და ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ასევე პრობლემას წარმოადგენს შშმ პატიმრების მდგომარეობა, რადგან ციხის ადმინისტრაციას არ აქვს გათვალისწინებული მათთვის ინფრასტრუქტურის გამართვა”, აღნიშნულია დოკუმენტში.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, რომელიც დემოკრატიის, ადამიანიასა და მშრომელთა უფლებების შემსწავლელმა ბიურომ მოამზადა, დიდი ყურადღება ეთმობა მედიაპლურალიზმსა და სიტყვის თავისუფლებას.
„საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად გამოხატოს საკუთარი პოზიცია, მოსაზრება. საქართველოს მოქალაქეები, ასევე პრესა თავისუფალია აკრიტიკოს მთავრობა, თუმცა ბოლო პერიოდში მთავრობის მისამართით ისმის კრიტიკა. არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ მედიაპლურალიზმთან დაკავშირებით, რომელსაც მათი მტკიცებით, მთავრობა საფრთხეს უქმნის.
დამოუკიდებელი მედია ყოველთვის აქტიური იყო და განსხვავებულ ხედვას წარმოაჩენდა. თუმცა სამი ტელეკომპანიის – „იმედის“, „მაესტროსა“ და GDS-ის გაერთიანებამ, ამავდროულად საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში ხელმძღვანელობის შეცვლამ, მედიაპლურალიზმი შეამცირა და მედიაგარემო მომართული გახდა მმართველი პარტიის სასარგებლოდ. 4 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოთქვეს შეშფოთება იმის გამო, რომ მთავრობის გავლენა იზრდება, ისევე როგორც იმ ინდივიდუალური პირების გავლენა, რომლებიც ყოფილ პრემიერ მინისტრთან არიან დაკავშირებულები. საზოგადოებრივი მაუწყებლის 9-კაციან სამეურვეო საბჭოში სამ ვაკანტურ ადგილზე პირები პარლამენტმა დაამტკიცა. კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა პარლამენტს მიმართა. ეს ცვლილებები დავის საგანს წარმოადგენდა, რადგან იწვევდა შეშფოთებას იმის გამო, რომ სამაუწყებლო კომპანიის რესტრუქტურიზაციის პროცესი არ იქნებოდა გამჭვირვალე, ასევე სამაუწყებლო კომპანიის მენეჯმენტსა და მთავრობას შორის კონსოლიდაციას ექნებოდა ადგილი. პარლამენტის მიერ 22 დეკემბერს შეტანილი ჩასწორება, რომელიც წლის ბოლოს პრეზიდენტს უნდა დაემტკიცებინა, ქმნის საფრთხეს, რომ გაიზრდება საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის უფლებამოსილება, შემცირდება სამეურვეო საბჭოს ფუნქცია, გაიზრდება კორუფციის საფრთხე და დასუსტდება თანამშრომელთა დაცვის მექანიზმი.
ივნისში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ უარყოფითად შეაფასა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში რამდენიმე ტელეგადაცემის დახურვა და ახალ მენეჯმენტს მოუწოდა, ხელახლა გადაეხედათ ამ გადაწყვეტილებისთვის. არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საზოგადოებრივი მაუწყებელი მწვავედ გააკრიტიკა იმ მიზეზით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მაყურებელს არასრულ ინფორმაციას აწვდის საქართველოს რეგიონებსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ასევე იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდში დაიხურა თოქ-შოუ და სოციალურ-პოლიტიკური თემების გადაცემები”, აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.