საქართველო

რუსეთის პატრიარქი კირილე: თავისი მორჩილი მსახურებითა და განსჯის უნიკალური ნიჭით, ილია მეორემ განსაკუთრებული ავტორიტეტი და ღრმა პატივისცემა მოიპოვა არა მხოლოდ საეკლესიო, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა სამძიმარი გამოთქვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

რუსეთის საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სამძიმრის განცხადებაში პატრიარქი კირილე აღნიშნავსრომ თავისი მორჩილი მსახურებითა და განსჯის უნიკალური ნიჭით, ილია მეორემ განსაკუთრებული ავტორიტეტი და ღრმა პატივისცემა მოიპოვა არა მხოლოდ საეკლესიო, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც, ხოლო როგორც უამრავი ბავშვის ნათლია, ის ღვთისმოსავი ქართველი ხალხის ნამდვილი სულიერი მამა გახდა.

„ღრმა მწუხარებით მივიღე ცნობა ჩემი უძვირფასესი თანამოძმისა და თანამსახურის, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის  გარდაცვალების შესახებ. სრულიად რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს გამოვხატავ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მძიმე დანაკლისის გამო. ყოვლისშემძლე უფალმა ძველი ივერიის ეკლესიას უბოძა პატრიარქი, რომელმაც მთელი თავისი ხანგრძლივი ცხოვრება მიუძღვნა მასზე ზრუნვასა და კეთილმოწყობას. თითქმის 50 წლის განმავლობაში უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის პატრიარქობა გახდა მთელი ეპოქა საქართველოს ეკლესიისა და მთელ მართლმადიდებლურ ცხოვრებაში. თავისი მორჩილი მსახურებითა და განსჯის უნიკალური ნიჭით, მან განსაკუთრებული ავტორიტეტი და ღრმა პატივისცემა მოიპოვა არა მხოლოდ საეკლესიო, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც. როგორც უამრავი ბავშვის ნათლია, ის ღვთისმოსავი ქართველი ხალხის ნამდვილი სულიერი მამა გახდა.

კათოლიკოს-პატრიარქი ტრადიციულად კარგ ურთიერთობას ინარჩუნებდა ჩვენს ეკლესიასთან. მოსკოვის სასულიერო სასწავლებელში მიღებული განათლების გამო, იგი სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებდა სიყვარულს წმინდა სერგეისა და მისი სავანისადმი. მას ქრისტეს კურთხევით ჩვენი ხალხების სულიერი ერთობის შენარჩუნება აუცილებლობად მიაჩნდა. მართლმადიდებელ წინამძღვართა შორის უხუცესმა, თავისი ბრძნული სიტყვით, გამოცდილებით, ღრმა ეკლესიური ცხოვრებითა და მაღალი ავტორიტეტით ეკლესიებში მშვიდობის, კეთილდღეობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

პირადად ჩვენ ძალიან თბილი და ნდობის ურთიერთობა გვქონდა, რაც საშუალებას გვაძლევდა გაგვეცვალა მოსაზრებები და ობიექტურად შეგვეფასებინა ის, რაც იმ დროს საბჭოთა კავშირში ეკლესიასა და სახელმწიფოს ურთიერთობების სფეროში ხდებოდა. ეს ნდობის ურთიერთობა დიდად გვაერთიანებდა და გვეხმარებოდა ერთად გვემუშავა უღვთო ხელისუფლების ზეწოლის ტვირთის შესამსუბუქებლად და მართლმადიდებელი ეკლესიების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ჩვენს მაშინდელ ერთიან ქვეყანაში.

დაე, უფალმა იესო ქრისტემ ზეციურ სავანეში დაამკვიდროს თავისი ერთგული მსახურის სული“, – ნათქვამია რუსეთის პატრიარქ კირილეს სამძიმრის განცხადებაში.