ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აშშ-ისრაელის ირანთან ომის ეკონომიკური გავლენის შესამცირებლად შეამსუბუქა სანქციები სხვა ქვეყნების მიმართ, რომლებიც ყიდულობენ რუსულ ნავთობს და ზღვაში გემებზე უკვე დატვირთულ ნავთობპროდუქტებს. ამის შესახებ BBC იტყობინება.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ დროებითი შეღავათის მიზანი „გლობალური ენერგეტიკული ბაზრების სტაბილურობის ხელშეწყობაა“ და „მოკლევადიანი ღონისძიება რუსეთის მთავრობას მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს არ მოუტანს“.
თუმცა, როგორც ბრიტანული „ფაინენშელ თაიმსი“ წერს, ნავთობის ფასების ზრდით, რუსეთი დღეში 150 მილიონი დოლარის დამატებით შემოსავალს იღებს.
გამოცემის თანახმად, აშშ-ირანის ომის დაწყების შემდეგ სპარსეთის ყურის ნავთობის მწარმოებლებმა ენერგეტიკული შემოსავლებიდან მილიარდობით დოლარი დაკარგეს, თუმცა რუსეთი ამით სარგებლობს. ნავთობის გაყიდვიდან რუსეთის ბიუჯეტი დღეში 150 მილიონ დოლარამდე დამატებით შემოსავალს იღებს და მარტის ბოლოსთვის რუსეთის პროგნოზირებული მთლიანი მოგება 3.3-4.9 მილიარდი დოლარი იქნება.
რუსულ ნავთობზე მოთხოვნა ჩინეთიდან და ინდოეთიდან იზრდება, რასაც ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობა უწყობს ხელს.
რუსეთმა განაცხადა, რომ ამჟამად ტრანზიტში დაახლოებით 100 მილიონი ბარელი ნავთობი იმყოფება.
სპარსეთის ყურეში გემებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებმა, ასევე ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივად დახურვამ გლობალური ენერგეტიკული ბაზრები შეარყია.
ხუთშაბათს, 12 მარტს, ნავთობის ფასმა კვლავ 100 დოლარს გადააჭარბა ბარელზე, ხოლო საფონდო ბირჟები დაეცა მას შემდეგ, რაც სპარსეთის ყურეში კიდევ სამ სატვირთო გემზე თავდასხმა განხორციელდა და ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა, მოჯტაბა ხატაბიმ პირობა დადო, რომ გააგრძელებდა მთავარი საზღვაო გასასვლელის ბლოკირებას.
მსოფლიო ნავთობის დაახლოებით მეხუთედი, როგორც წესი, ჰორმუზის სრუტეზე გადის. ნავთობის ტანკერები, რომლებიც ყურეში არიან ჩარჩენილები და ირანსა და ომანს შორის ვიწრო არხის გადაკვეთას ვერ ახერხებენ, მიწოდების მზარდ კრიზისს იწვევენ.
ბესენტმა განაცხადა, რომ დროებითი შეღავათი 11 აპრილამდე გაგრძელდება და მხოლოდ „ნებართვის მქონე ქვეყნებს“ შეეხება.
„ნავთობის ფასების დროებითი ზრდა მოკლევადიანი და დროებითი მოვლენაა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში უზარმაზარ სარგებელს მოუტანს ჩვენს ერს და ეკონომიკას“, – თქვა ბესენტმა.
ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც ვაშინგტონმა 11 მარტს განაცხადა, რომ თავისი სტრატეგიული ნავთობის რეზერვიდან 172 მილიონ ბარელ ნავთობს გამოიტანდა ბაზარზე.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ეკონომიკურმა წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა, განაცხადა, რომ აშშ „ფაქტობრივად აღიარებს აშკარად, რომ რუსული ნავთობის გარეშე გლობალური ენერგეტიკული ბაზარი ვერ დარჩება სტაბილური“.
მან დასძინა: „მზარდი ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, რუსეთის ენერგორესურსებზე შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქება სულ უფრო გარდაუვალი ჩანს“.
უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ბოლო განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა 10 მარტს განაცხადა, რომ სანქციების შემსუბუქება უკრაინისთვის „სერიოზული დარტყმა“ და რუსეთისთვის „დათმობა“ იქნებოდა, რაც მას მეტი იარაღის შეძენის საშუალებას მისცემს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კი განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის დაკეტვა „არანაირად“ არ ამართლებს რუსეთისთვის სანქციების მოხსნას.
ის პარიზში ზელენსკის შეხვდება, რათა მოსკოვზე ზეწოლის გაზრდის გზები განიხილონ. ელისეის სასახლის განცხადებით, ორი პრეზიდენტი ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, თუ როგორ დაეხმარონ კიევს თავის დაცვაში და ასევე დაუპირისპირდნენ რუსეთის ტანკერების ჩრდილოვან ფლოტს, რომელიც სანქცირებული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება.
დიდი ბრიტანეთი რუსეთის ნავთობზე სანქციების შემსუბუქებაში აშშ-ის მაგალითს არ მიჰყვება, – განაცხადა პარასკევს ენერგეტიკის მინისტრმა მაიკლ შენკსმა.
მიუხედავად იმისა, რომ მან აშშ-ის მთავრობა არ გააკრიტიკა, BBC Radio 4-ის Today პროგრამაში განაცხადა: „ჩვენ აბსოლუტურად არ შეგვიძლია მივიღოთ ის, რომ პუტინი კრემლში იჯდეს და ამას ომის მანქანაში ინვესტიციის ჩადების შანსად აღიქვამდეს“.
ამ კვირაში ენერგომატარებლების ფასების ზრდამ რამდენიმე სხვა ხელისუფლების მხრიდან ზომების მიღება გამოიწვია.
საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ (IEA) 11 მარტს განაცხადა, რომ ნავთობის რეკორდულ რაოდენობას, 400 მილიონ ბარელს გამოიტანს ბაზარზე.
აზიის მთავრობებმა, რომლებიც სპარსეთის ყურიდან ნავთობის ძირითადი მყიდველები არიან, ასევე გამოაცხადეს მთელი რიგი ზომების მიღება.
მაგალითად, ფილიპინები ნედლი ნავთობის დაახლოებით 95%-ს ახლო აღმოსავლეთიდან იღებს. ქვეყნის პრეზიდენტმა საჯარო მოხელეებს საწვავის დაზოგვის მიზნით ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადასვლისკენ მოუწოდა.
ამასობაში, იაპონიამ, სამხრეთ კორეამ და ტაილანდმა ბენზინის ფასებზე ლიმიტი დააწესეს.
რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა 2022 წელს დაიწყო. არსებობს შეშფოთება, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტმა შესაძლოა საერთაშორისო ყურადღება გადაიტანოს ომის დასრულებისგან ან მოსკოვისთვის სასარგებლოდ იმოქმედოს.
მანამდე ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობა დაიწყებდა გემების გაცილებას ჰორმუზის სრუტეში, „როგორც კი ეს სამხედრო თვალსაზრისით შესაძლებელი გახდება“.
სამხედრო გაცილების შესაძლო საჭიროება „ყოველთვის იყო ჩვენი დაგეგმვის ნაწილი“, განუცხადა მან Sky News-ს.
შეკითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა ამის დაწყება უახლოეს დღეებში, ბესენტმა განაცხადა, რომ „როგორც კი შესაძლებელი იქნება უსაფრთხო გადასასვლელის უზრუნველყოფა, ჩვენ ამას გავაკეთებთ“.
guardiange


