ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალ ტრამპმა დაადასტურა, რომ შეერთებულმა შტატებმა „მთავარი საბრძოლო“ ოპერაციები დაიწყო ირანში.
ტრამპმა განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანი საბრძოლო ოპერაციები“ დაიწყო, რასაც „შესაძლოა, მამაცი ამერიკელი გმირების სიცოცხლე შეეწიროს“.
„ჩვენ არაერთხელ ვცდილობდით შეთანხმების მიღწევას. ჩვენ ვცადეთ“, – თქვა ტრამპმა და დასძინა: „ჩვენ ვაპირებთ მათი რაკეტების განადგურებას და მათი სარაკეტო ინდუსტრიის მიწასთან გასწორებას. ის სრულიად… განადგურდება“.
გავრცელებული ინფორმაციით, სამიზნე იყო ირანის უზენაესი ლიდერის ოფისი და პრეზიდენტის ოფისი თეირანში, ისევე როგორც სამხედრო ობიექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით. ირანის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ მინიმუმ 53 ადამიანი დაიღუპა გოგონათა სკოლაში.
ირანის სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის დედაქალაქში, სადაც, როგორც ამბობენ, უზენაესი ლიდერის ოფისი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაიბომბა, არაერთი აფეთქება მოხდა.
ისრაელის არმიის განცხადებით, ირანმა საპასუხო დარტყმები განახორციელა ისრაელზე. ზიანი ასევე დაფიქსირდა მთელ რეგიონში, მათ შორის ყატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ქუვეითში.
არაბთა გაერთიანებული საამიროების ცნობით, „ირანის ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით“ განხორციელებული დარტყმისას ჩამოვარდნილი ნამსხვრევების შედეგად მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ სამხედრო ოპერაციის მიზანი ირანის ბირთვული პროგრამების განადგურებაა.
„ამ ტერორისტულ რეჟიმს ბირთვული იარაღი არასდროს ექნება. კიდევ ერთხელ ვამბობ: მათ ბირთვული იარაღი არასდროს ექნებათ“, – თქვა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსსა“ და შეიარაღებულ ძალებს მიმართა.
„უნდა დაყაროთ იარაღი და მიიღებთ სრულ ხელშეუხებლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ალტერნატივის სახით, გარდაუვალი სიკვდილი გელით“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მანამდე, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაციმ განაცხადა, რომ ისრაელმა ირანზე „პრევენციული“ თავდასხმა განახორციელა.
ირანის სახელმწიფო მედია თეირანის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილში აფეთქებების შესახებ იუწყება.
კაციმ ისრაელზე საპასუხო დარტყმების მოლოდინში, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

