2026 წლის იანვარში საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 282.64 მლნ აშშ დოლარი (761.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 16.6%-ით (40.2 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2025 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი იტყობინება.
სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით ირკვევა, რომ იანვარში გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის – 45.4%-ს შეადგენს, შესაბამისი 128.4 მლნ აშშ დოლარით, წლიური ზრდის ტემპი კი 17.5%-ს შეადგენს. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.
ამასთან, აშშ-დან და ისრაელიდან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია კვლავ გრძელდება. კერძოდ, იანვარში აშშ-დან 10.0%-იანი, ხოლო ისრაელიდან 15.7%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა. ხოლო, მოცულობამ, შესაბამისად, 52.0 და 24.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2026 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 31.2 მლნ აშშ დოლარი (84.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა. აღნიშნული 2025 წლის იანვრის (28.3 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.2%-ით მეტია.

