მსოფლიო ბანკმა ახალი ანგარიში გამოაქვეყნა – „გლობალური ეკონომიკური პერსპექტივები 2026“, რომლის თანახმადაც, საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე წელს 5.5 პროცენტით გაიზრდება. ეს მაჩვენებელი 2025 წლის ივნისის პროგნოზთან შედარებით 0.5 პროცენტით არის გაზრდილი. ხოლო 2027 წელს, მსოფლიო ბანკი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 5.0 პროცენტიან ზრდას პროგნოზირებს.
2026 წელს მსოფლიო ბანკის პროგნოზები რეგიონის ქვეყნებისთვის ასე ნაწილდება: საქართველო – 5.5%-იანი ზრდა; სომხეთი – 4.9%-იანი ზრდა; აზერბაიჯანი – 1.8%-იანი ზრდა; თურქეთი – 3.7%-იანი ზრდა; უკრაინა – 2%; რუსეთი – 0.8%; ყაზახეთი – 4.5%-იანი ზრდა.
ამასთან, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელია შენელდეს და 2026 წელს 3.3 პროცენტს, ხოლო 2027 წელს 3.1 პროცენტს შეადგენს.
„აზერბაიჯანში ეკონომიკურ აქტივობას შეზღუდავს ნახშირწყალბადების წარმოების შემცირება, ნავთობის გლობალური ფასების დაკლება და გამკაცრებული ფისკალური პოლიტიკა განაპირობებს. სომხეთსა და საქართველოში კერძო მოხმარება, მოსალოდნელია, რომ შემცირდება, რადგან ეკონომიკური აქტივობა მაღალი ბაზიდან ნორმალიზდება, ხოლო შემცირებული ფულადი გზავნილები და ექსპორტიდან მიღებული დაბალი შემოსავლები უარყოფითად აისახება მიმდინარე ანგარიშის ბალანსებზე. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 2025 წლის აგვისტოში მიღწეული წინასწარი სამშვიდობო შეთანხმება, მოსალოდნელია, რომ გააძლიერებს სტაბილურობას და ხელს შეუწყობს რეგიონული ინტეგრაციის გაღრმავებას“, – ნათქვამია ანგარიშში.

