„ჩვენ დროებით ვწყვეტთ ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემას“, განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის 2017 წელს პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების პროცედურული საკითხების ახსნას ეხებოდა.
ამის მიზეზად გიორგი მარგველაშვილმა ის დაასახელა, რომ საჭიროა კიდევ უფრო ჩაღრმავება ყველა იმ პროცედურული დეტალისა, რის საფუძველზეც მიიღება გადაწყვეტილება.
„მანამ, სანამ არ გავივლით კონსულტაციას ყველა აქტორთან შეწყალების პროცესის, რომელიც თავის თავში მოიცავს არა მარტო სახელმწიფო უწყებებს, ვინც ჩვენ გვაძლევს დახასიათებებს, არამედ აგრეთვე მოიცავს იმ ჯგუფებს, რომლებიც სპეციფიურად ძალადობაზე მუშაობენ, ქალთა მიმართ ძალადობაზე მუშაობენ და შესაძლოა, მოგვცენ უფრო მეტი დაკონკრეტებული რჩევა ამ თემების გააზრებასთან დაკავშირებით. მხოლოდ ამის შემდეგ აღადგენს კომისია გადაწყვეტილების მიღების პროცესს სწორედაც რომ ძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში“, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტი მის მიერ 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულის, ვეფხია ბაქრაძის შეწყალების საკითხზე საზოგადოების შეკითხვებს ლეგიტიმურს უწოდებს.
მისი თქმით, „ჩვენ მაინც უაღრესად მძიმედ აღვიქვამთ როგორც ამ მოვლენას, ასევე იმ ფაქტს, რომ ასეთ დანაშაულში ბრალდებული ადამიანის მიმართ შეწყალების მოტივაცია გაგვიჩნდა”.
„რამდენიმე დღეა საზოგადოება შეძრწუნებულია იმ საშინელი მკვლელობის გამო, რომელიც თბილისში მოხდა, ბარნოვის ქუჩაზე. ბუნებრივია, ჩვენთვისაც ძალიან მძიმე გადასატანი არის ყოველი ასეთი შემაძრწუნებელი ძალადობის ფაქტი. კიდევ უფრო მეტად მძიმე არის ეს მოვლენა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვიცით, რომ ეჭვმიტანილი ამ დანაშაულში, იქნა შეწყალებული ჩვენს მიერ. საზოგადოებას გაუჩნდა კითხვები სრულიად ლეგიტიმურად….
2014 წლის აგვისტოში მსჯავრდებულმა ჩაიდინა ძალადობის აქტი თავისი მეუღლის მიმართ, თუმცა, მაშინ ეს ადამიანი არ იყო დაპატიმრებული და მხოლოდ ოთხთვენახევრის შემდეგ ჩადენილი ავარიის გამო იქნა დაპატიმრებული, შემდეგ ამ ორივე დანაშაულზე მას მიესაჯა სასჯელი. მან ერთხელ მიმართა შეწყალების კომისიას და მისი თხოვნა უარყოფილ იქნა. მეორე მიმართვის დროს, კომისიაში შესული იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი საბუთი, რომელთაგანაც პირველ რიგში, აღსანიშნავია სასჯელაღსრულების ცნობა, რომელიც ეფუძნება ფსიქოლოგის დადებით დასკვნას, სოციალური მუშაკის დადებით დასკვნას, სამართლებრივი რეჟიმის მთავარი ინსპექტორის დადებით დასკვნას, აგრეთვე სამედიცინო ცნობა, რომელშიც არ არის მითითებული მაგალითად რამე სულიერი აშლილობის თაობაზე. თან ერთვოდა საქმეს მსჯავრდებულის აღიარება და იმ ფაქტის აღწერა, რომ იგი ოთხი შვილის მამა იყო. თან ერთვოდა ამ თხოვნას ოჯახის გამოხატული სურვილი ბრალდებულის გათავისუფლების თაობაზე და ეს ერთადერთი დეტალია, რომელშიც ჩვენ მეტ კონკრეტიკას ვერ მოგაწოდებთ ამ ინფორმაციის პიროვნული ხასიათიდან გამომდინარე…
მაშინ კომისიამ მე მომმართა სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით სრულად ამ ადამიანის გათავისუფლების თაობაზე. ჩვენ ეს დღეები სწორედ ამას ვუკვირდებოდით გამომდინარე იმ განსაკუთრებული სიმძაფრიდან, რომლითაც მე პირადად და კომისიაც ძალადობის შემთხვევებს განვიხილავთ…. კომისიამ მომმართა სრული გათავისუფლების თაობაზე, მე გავანახევრე მხოლოდ სასჯელი და მიუხედავად იმისა, მე რომ არ გამენახევრებინა სასჯელი და ის 6 თუ 7 თვე არ მომკლო, ბრალდებული უკვე კალენდარულად მოიხდიდა სასჯელს მიუხედავად იმისა, რომ მე თქვენ გაგაცანით ყველა შემადგენელი ამ გადაწყვეტილების, ჩვენ მაინც უაღრესად მძიმედ აღვიქვამთ როგორც ამ მოვლენას, ასევე იმ ფაქტს, რომ ასეთ დანაშაულში ბრალდებული ადამიანის მიმართ ჩვენ შეწყალების მოტივაცია გაგვიჩნდა”, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით, ვეფხია ბაქრაძე სამართალდამცავებმა 14 აპრილს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან მიმდინარე წლის 13 აპრილს ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე, ყოფილი მეუღლის შვილს, 1993 წელს დაბადებულ თ.გ.-ს სხეულზე დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თ.გ. შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
2015 წელს ბაქრაძე დამნაშავედ სცნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა -117-ე და 276-ე მუხლებით, რაც ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. ვ.ბ პრეზიდენტმა შეიწყალა, მას სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე 2017 წლის 25 მაისს დატოვა.
GUARDIAN.GE