აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ისრაელის მთავრობამ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების გეგმა დაამტკიცა

ისრაელის მთავრობამ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების გეგმა დაამტკიცა. პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადების მიხედვით, მთავრობამ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმების რატიფიცირება უკვე მოახდინა, რასაც მინისტრთა კაბინეტის უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.

მთავრობის მიერ შეთანხმების დამტკიცებიდან 24 საათის განმავლობაში ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევა.

ნეთანიაჰუმ აღნიშნულს მოვლენების „მნიშვნელოვანი განვითარება” უწოდა და მადლობას გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ასევე აშშ-ის ელჩს, სტივ უიტკოფს და ტრამპის სიძეს, ჯარედ კუშნერს, რომლებიც ასევე ესწრებოდნენ ისრაელის მინისტრთა კაბინეტის სხდომას.

ისრაელი ღაზის სექტორში 24 საათის განმავლობაში უკან დაიხევს წინასწარ შეთანხმებულ საზღვრებამდე. ამის შემდეგ 72 საათის განმავლობაში, „ჰამასი“ გაათავისუფლებს ყველა ისრაელელ მძევალს, ცოცხალსა და გარდაცვლილს.

ტრამპი ამბობს, რომ ისრაელელი მძევლები შეიძლება „ორშაბათს ან სამშაბათს” გაათავისუფლონ.

როგორც კი ყველა მძევალი გათავისუფლდება, ისრაელი გაათავისუფლებს 250 პალესტინელ პატიმარს, რომლებსაც სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი და სასჯელს ისრაელის ციხეებში იხდიან და ასევე, ღაზას სექტორის 1700 მცხოვრებს, რომლებიც 7 ოქტომბრის შემდეგ დააკავეს.

ორივე მხარის ცნობით, ღაზაში შემავალი ჰუმანიტარული დახმარება დღეში 600 სატვირთო მანქანამდე გაიზრდება.

ამასთან, სამშვიდობო გეგმის უზრუნველსაყოფად, შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში უკვე განთავსებულ 200 ჯარისკაცს ისრაელში მრავალეროვნული ძალის კოორდინაციისთვის გადაიყვანს, რომელიც დააკვირდება ცეცხლის შეწყვეტას.