მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

დონალდ ტრამპმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის აშშ-ის სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზის ხელმოწერის შესახებ გამოაცხადა

დიდი სიამაყით ვაცხადებ, რომ ისრაელმა და „ჰამასმა“ ხელი მოაწერეს ჩვენი სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„ეს ნიშნავს, რომ ყველა მძევალს ძალიან მალე გაათავისუფლებენ და ისრაელი თავის ჯარებს შეთანხმებულ ხაზზე გაიყვანს, რაც პირველი ნაბიჯი იქნება ძლიერი, მდგრადი და მუდმივი მშვიდობისკენ.

ყველა მხარეს სამართლიანად მოექცევიან! ეს დიდებული დღეა არაბული და მუსლიმური სამყაროსთვის, ისრაელისთვის, ყველა მეზობელი ერისთვის და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.

მადლობას ვუხდით კატარის, ეგვიპტის და თურქეთის შუამავლებს, რომლებმაც ჩვენთან ერთად იმუშავეს, რათა ეს ისტორიული და უპრეცედენტო დღე დამდგარიყო. კურთხეულნი არიან მშვიდობისმყოფელები“, – წერს ტრამპი.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის გაფორმებულ შეთანხმებას ისრაელისთვის დიდებული დღე უწოდა.

„ისრაელისთვის დიდებული დღეა. ხვალ მოვიწვევ მთავრობას, რათა დაამტკიცოს შეთანხმება და ჩვენი ყველა ძვირფასი მძევალი სახლში დააბრუნოს. მადლობას ვუხდი ისრაელის თავდაცვის ძალების გმირ ჯარისკაცებსა და უსაფრთხოების ძალებს, რომელთა გამბედაობისა და თავგანწირვის წყალობითაც მივაღწიეთ ამ დღეს. მთელი გულით მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპს და მის გუნდს ჩვენი მძევლების გათავისუფლების ამ წმინდა მისიის მობილიზებისთვის. ღმერთის დახმარებით, ერთად განვაგრძობთ ჩვენი ყველა მიზნის მიღწევას და ჩვენს მეზობლებთან მშვიდობის გაფართოებას.

ღვთის დახმარებით, ჩვენ ყველას სახლში დავაბრუნებთ“,- წერს ნეთანიაჰუ.

ღაზაში ომის დასრულებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები შარმ ელ-შეიხში, გაფართოებულ ფორმატში გაიმართა. მოლაპარაკებებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და მრჩეველი, ჯარედ კუშნერი მონაწილეობდნენ.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ღაზის სამშვიდობო გეგმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას 29 სექტემბერს წარადგინა, რამდენიმე დღის შემდეგ კი გეგმას „ჰამასი“ დათანხმდა.

დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის კითხვას – „თქვენ ბევრი ქვეყნის მიერ ხართ წარდგენილი, ასევე მძევლების ოჯახების მიერ, ფიქრობთ, რომ გაიმარჯვებთ?” – ასე უპასუხა:.

„წარმოდგენა არ მაქვს. ჩვენ შვიდი ომი დავასრულეთ, მერვეს დასრულებასთან ახლოს ვართ. ვფიქრობ, საბოლოოდ, რუსეთის სიტუაციასაც მოვაგვარებთ, რაც საშინელებაა. სხვათა შორის, გასულ კვირას იქ 7000 ადამიანი დაიღუპა. ვფიქრობ, ამას მოვაგვარებთ. ასე რომ, არა მგონია, ისტორიაში ვინმემ ამდენივე ომი დაასრულოს, მაგრამ შესაძლოა, იპოვონ მიზეზი, რომ მე არ მომცენ“, – განაცხადა ტრამპმა.