მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

კიტ კელოგი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპმა უკრაინას რუსეთის შიდა ტერიტორიაზე დარტყმების უფლება მისცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინას რუსეთის შიდა ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელების უფლება მისცა, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი ადასტურებს.

კელოგის თქმით, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ უკრაინული ჯარების მიერ რუსეთის ტერიტორიაზე შორი დისტანციის დარტყმების განხორციელება მიზანშეწონილი იქნება.

კიტ კელოგმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების მიწოდებას განიხილავს. ამასთან, კელოგმა აღნიშნა, რომ უკრაინელებს ამერიკელი ჯარისკაცების გაგზავნა არასდროს უთხოვია და ითხოვეს მხოლოდ „იარაღი, მათი გამოყენების შესახებ ნებართვა“.

კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა უკრაინელ ჯარისკაცებს ამერიკული იარაღის გამოყენების ნებართვა – კელოგმა უპასუხა, რომ ეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. შორი დისტანციის დარტყმის განხორციელება კი სწორედ მის მიერ არის დაშვებული.

„ხანდახან მათ ეს უფლებამოსილება აქვთ, ხან არა. პრეზიდენტის ბრძანებები ყველამ უნდა დაიცვას. თუ პრეზიდენტი მარცხნივ წავა, თქვენც მარცხნივ წახვალთ. თუ ის გეტყვით, რომ მარჯვნივ წადით, თქვენც მარჯვნივ წახვალთ. როდესაც პრეზიდენტი გვეუბნება, რომ რაღაც უნდა გავაკეთოთ, ჩვენ ეს უბრალოდ უნდა გავაკეთოთ. ვფიქრობ, მისი ნათქვამის წაკითხვის, ასევე ვიცე-პრეზიდენტ ვენსის და მდივან რუბიოს ნათქვამის წაკითხვის შემდეგ, პასუხი დადებითია. გამოიყენეთ შორი დისტანციიდან დარტყმის შესაძლებლობა. არ არსებობს ისეთი რამ, როგორიცაა უსაფრთხო ზონები. ჩემი აზრით, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ გასულ კვირას ეს დადასტურდა – პრეზიდენტმა ზელენსკიმ პრეზიდენტ ტრამპს „ტომაჰავკის“ რაკეტები სთხოვა“, – განაცხადა კიტ კელოგმა და აღნიშნა, რომ რაკეტების პოტენციურ მიწოდებასთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის და წინადადება განხილვის პროცესშია.

გენერლის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება დონალდ ტრამპზეა დამოკიდებული.

ამასთან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსიც აცხადებს, რომ აშშ განიხილავს უკრაინის თხოვნას შორ მანძილზე მოქმედი „ტომაჰავკის“ რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით. აღნიშნულის შესახებ ჯეი დი ვენსმა „ფოქს ნიუსთან“ ისაუბრა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის მიმართა თხოვნით, მიჰყიდოს „ტომაჰავკის“ რაკეტები ევროპულ ქვეყნებს, რათა მათ ისინი უკრაინას გაუგზავნონ.

როგორც ვენსმა აღნიშნა, დონალდ ტრამპი ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ჩვენ უდავოდ განვიხილავთ რამდენიმე თხოვნას ევროპელებისგან“, – აღნიშნა ვენსმა.

„ტომაჰავკის“ რაკეტების მოქმედების რადიუსი 2500 კილომეტრია. კიევი აღნიშნულ რაკეტებს თუ მიიღებს, მოსკოვი უკრაინის შეიარაღებისთვის ხელმისაწვდომ მანძილზე აღმოჩნდება. როგორც აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა „ფოქს ნიუსთან“ განაცხადა, დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ კიევს უნდა შეეძლოს რუსეთის შიგნით შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღებით დარტყმების განხორციელება.