ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD)-მა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა. ანგარიში ბანკის ვებგვერდზე ვრცელდება.
ანგარიშის მიხედვით, აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიის რეგიონში, რომელშიც აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მაჩვენებლებია მოცემული, წელს მშპ-ის ყველაზე დიდი, 7%-მდე ზრდა არის მოსალოდნელი საქართველოში.
„მაისიდან ზრდის პროგნოზის 1%-იანი კლება დაფიქსირდა აზერბაიჯანში, სადაც მშპ წელს 2%-მდე, მომავალ წელს კი 2.5%-მდე გაიზრდება. უკრაინაში კლებამ 0.8 პროცენტული პუნქტი შეადგინა და მართალია, წელს ზრდა 2.5%-მდე არის პროგნოზირებული, თუმცა 2026 წელს მაჩვენებელი 5%-მდე არის გაორმაგებული. რაც შეეხება მოლდოვას, ქვეყნის მშპ-ის ზრდა 0.3 პროცენტული პუნქტით, 1.5%-მდე შემცირდა, 2026 წელს კი 3.8%-მდე გაიზრდება. თურქეთში მიმდინარე წლის ბოლომდე მშპ, სავარაუდოდ, 0.3 პროცენტული პუნქტით, ანუ 3.1%-მდე გაიზრდება, ხოლო 2026 წელს ეკონომიკური ზრდა 3.2%-ს მიაღწევს.
მთლიანად, იმ ქვეყნებისთვის, სადაც EBRD თავის პროგრამებს ახორციელებს, წელს ეკონომიკა 3.1%-მდე გაიზრდება, რაც მაისთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებული მაჩვენებელია. 2026 წელს ეკონომიკური ზრდა, სავარაუდოდ, 3.3%-ს მიაღწევს, რაც, პირიქით, 0.1 პუნქტით ნაკლებია. ლონდონში ბაზირებული ბანკის ანალიტიკოსები წერენ, რომ რეგიონის ეკონომიკები „მუდმივი გლობალური გეოპოლიტიკური დაძაბულობის, საექსპორტო ბაზრებზე ჩინეთის მხრიდან გაზრდილი კონკურენციისა და შეზღუდული ფისკალური სივრცის გამო ზეწოლის ქვეშაა“, – აღნიშნულია ანგარიშში.