GUARDIANGE – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ფარგლებში უცხოელ კვალიფიციურ მუშახელს H-1B სამუშაო ვიზის მისაღებად მოსაკრებელი 100 000 დოლარამდე გაუზარდა. პრეზიდენტმა შესაბამის აღმასრულებელ განკარგულებას უკვე მოაწერა ხელი.
ტრამპის განკარგულებაში საუბარია პროგრამის „ბოროტად გამოყენებაზე“ და შეზღუდავს აშშ-ში შესვლას, თუ არ მოხდება 100 000 დოლარის გადახდა. ამ ნაბიჯით ტრამპს სურს, წაახალისოს ამერიკელების დასაქმების შანსები.
სხვა განკარგულებით, ტრამპმა ახალი „ოქროს ბარათი“ შექმნა გარკვეული ემიგრანტების ვიზების დაჩქარების მიზნით, საფასურის სანაცვლოდ, რომელიც 1 მილიონი დოლარიდან იწყება.
კრიტიკოსები დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ H-1B ტიპის სამუშაო ვიზების გაცემა ამერიკულ სამუშაო ძალას ამცირებს, ხოლო მხარდამჭერები – მათ შორის მილიარდერი ილონ მასკი – მიიჩნევენ, რომ ეს საშუალებას აძლევს აშშ-ს მოიზიდოს საუკეთესო ტალანტები მთელი მსოფლიოდან.
ტრამპის განკარგულება ძალაში 21 სექტემბრიდან შედის და ის მხოლოდ ახალ მოთხოვნებზე გავრცელდება, მაგრამ კომპანიებს ექვსი წლის განმავლობაში თითოეულ განმცხადებელზე ერთი და იგივე თანხის გადახდა მოუწევთ, – განაცხადა აშშ-ის სავაჭრო მდივანმა ჰოვარდ ლუტნიკმა.
„კომპანიამ უნდა გადაწყვიტოს… არის თუ არა ადამიანი საკმარისად ღირებული, რომ წელიწადში 100 000 დოლარი გადაუხადოს მთავრობას, ან უნდა გაამგზავროს უცხოელი დასაქმებულები სახლში და დაიქირავოს ამერიკელები“, – თქვა მან და დასძინა: „ყველა დიდი კომპანია ამაშია ჩართული“.
მოგვიანებით, თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ 100 000 დოლარი სამუშაო ვიზის ერთჯერადი საფასური იქნება.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა, აბიგეილ ჯექსონმა CBS News-ს, BBC-ის საინფორმაციო პარტნიორს აშშ-ში, განუცხადა, რომ საფასური „არ ეხება მათ, ვისაც უკვე აქვს ვიზა“ და „მხოლოდ მომავალ, აშშ-ის ფარგლებს გარეთ მყოფ იმ აპლიკანტებს ეხებათ, ვინც თებერვლის [2026] ლატარიაში ჩაერთვებიან. ეს არ ეხება არავის იმათგან, ვინც უკვე მონაწილეობდა 2025 წლის ლატარიაში“.
„აღმასრულებელი განკარგულება არ მოახდენს გავლენას ვიზის არც ერთი მფლობელის შესაძლებლობაზე, იმოგზაუროს აშშ-დან ან აშშ-ში“, – განაცხადა ჯექსონმა.
2004 წლიდან H-1B სავიზო განაცხადების რაოდენობა წელიწადში 85 000-მდეა შეზღუდული. ამ დრომდე, H-1B ვიზები სხვადასხვა ადმინისტრაციულ გადასახადებს ითვალისწინებდა, რომლის ჯამური ღირებულება დაახლოებით 1 500 დოლარს შეადგენდა.
აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურის მონაცემები აჩვენებს, რომ მომდევნო ფისკალური წლისთვის H-1B ვიზების განაცხადების რაოდენობა 359 000-მდე შემცირდა – რაც ოთხი წლის მინიმუმია.
აღნიშნული სავიზო პროგრამით ძირითადად ტექნოლოგიური გიგანტი კომპანიები სარგებლობენ, რომლებიც მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვას ძირითადად ინდოეთიდან და ჩინეთიდან ცდილობდნენ.
მთავრობის სტატისტიკის თანახმად, წინა ფისკალურ წელს პროგრამის ყველაზე დიდი ბენეფიციარი იყო Amazon, რომელსაც მოსდევს ტექნოლოგიური გიგანტები Tata, Microsoft, Meta, Apple და Google-ი.