მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ტრამპი პენტაგონს ომის დეპარტამენტს არქმევს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავდაცვის დეპარტამენტს სახელს შეუცვლის და მას ომის დეპარტამენტი ერქმევა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ტრამპი შესაბამის აღმასრულებელ ბრძანებას ხელს დღეს მოაწერს.

აღმასრულებელი ბრძანების ტექსტში ნათქვამია, რომ სახელწოდება ომის დეპარტამენტი უფრო ძლიერ გზავნილს გადასცემს მზადყოფნისა და სიძლიერის შესახებ, ვიდრე თავდაცვის დეპარტამენტი, რომელიც მხოლოდ თავდაცვით შესაძლებლობებს უსვამს ხაზს.

ბრძანება აშშ-ის თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეტს, თავდაცვის დეპარტამენტს და მის დაქვემდებარებულ თანამდებობის პირებს უფლებას მისცემს, ოფიციალურ მიმოწერასა და საზოგადოებასთან ურთიერთობაში გამოიყენონ სახელწოდებები, როგორებიცაა „ომის მდივანი“, „ომის დეპარტამენტი“ და „ომის მდივნის მოადგილე“.

აღმასრულებელი დეპარტამენტების შექმნის პასუხისმგებლობა ეკისრება აშშ-ის კონგრესს, რაც იმას ნიშნავს, რომ დეპარტამენტის სახელის სამართლებრივი შეცვლისთვის შესწორება იქნება საჭირო.

პენტაგონი, იგივე თავდაცვის დეპარტამენტი – რომელიც ზედამხედველობას უწევს აშშ-ის შეიარაღებულ სერვისებს – 1789 წელს ჩამოყალიბებული კაბინეტის დონის სააგენტო, ომის დეპარტამენტის მემკვიდრეა, რომელიც ამ სახელით 1947 წლამდე არსებობდა, შემდეგ მას სახელი შეუცვალეს და თავდაცვის დეპარტამენტი დაარქვეს.