ისრაელი ადასტურებს, რომ თანახმაა შეერთებული შტატების წინადადებას ცეცხლის ორმხრივ შეწყვეტაზე ირანთან, თუმცა აცხადებს, რომ „მკაცრად უპასუხებს“ შეთანხმების ნებისმიერ დარღვევას. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის მედია ავრცელებს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებით, ნეთანიაჰუ შეხვდა კაბინეტს, თავდაცვის მინისტრს, თავდაცვის ძალებისა და „მოსადის“ ხელმძღვანელებს, რათა ეცნობებინა, რომ „ისრაელმა აღმავალი ლომის ოპერაციისას მიაღწია ყველა მიზანს და ბევრად მეტსაც“.
„ისრაელმა აღმოფხვრა ორმაგი უშუალო ეგზისტენციური საფრთხე – როგორც ბირთვული, ისე ბალისტიკური რაკეტების სფეროში. ისრაელის თავდაცვის ძალებმა მიაღწიეს სრულ საჰაერო კონტროლს თეირანის ცაზე, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს სამხედრო ხელმძღვანელობას და გაანადგურეს ათობით ობიექტი“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ისრაელი აშშ-სა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„ისრაელი მადლობას უხდის პრეზიდენტ ტრამპს და ამერიკის შეერთებულ შტატებს მხარდაჭერისთვის. ოპერაციის მიზნების მიღწევის გათვალისწინებით და პრეზიდენტ ტრამპთან სრული კოორდინაციით, ისრაელი დაეთანხმა პრეზიდენტის შეთავაზებას ცეცხლის ორმხრივი შეწყვეტის შესახებ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მანამდე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა და მოუწოდა მხარეებს არ დაარღვიონ აღნიშნული შეთანხმება.
„ცეცხლის შეწყვეტა უკვე ძალაშია. გთხოვთ, არ დაარღვიოთ ის“, – დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში.