საქართველო

პატრიარქი ილია მეორე: „არ უნდა შეგვეშინდეს ჩვენ, როცა ღმერთი გვიგზავნის განსაცდელსა – განსაცდელი, ეს არის გზა სასუფეველში“

სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვის აღვლენის შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს ბზობის დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა. პატრიარქმა ბრძანა, რომ უფალი „ხედავდა, რომ ის ხალხი, რომელიც დღეს აქებს მას და ადიდებს, სამი დღის შემდეგ იტყოდა: ჯვარს აცვი ეგეო“. მისი თქმით, განსაცდელს ადამიანებს ღმერთი უგზავნის და „ეს არის გზა სასუფეველში“.

„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ბზობას.

„კიდევ ერთხელ უნდა გვახსოვდეს, რომ სიხარული და მწუხარება, როგორც ტყუპი ძმები, ერთად მოგზაურობენ, ერთად არიან. დღეს არის ის დღე, როცა უფალი ჩვენი იესო ქრისტე ზეიმით შედის იერუსალიმში და სწერია სახარებაში, რომ შეიძრა მთელი ქალაქი და აქებდა და ადიდებდა უფალს. მას ხვდებოდნენ, როგორც მეფეს და უგალობდნენ: „ოსანა მაღლათა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა“. მაგრამ უფალი ხედავდა მომავალს და სტიროდა; იგი ხედავდა, რომ ის ხალხი, რომელიც დღეს აქებს მას და ადიდებს, სამი დღის შემდეგ იტყოდა: ჯვარს აცვი ეგეო.

„არ უნდა შეგვეშინდეს ჩვენ, როცა ღმერთი გვიგზავნის განსაცდელსა. განსაცდელი, ეს არის გზა სასუფეველში. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, საქართველოს მფარველი და წინამძღოლი. ღმერთმა ბედნიერი აღდგომა გაგვითენოს, ამინ!“ ბრძანა პატრიარქმა.