საქართველო

დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ „უახლოესი მიზანია 11 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორის“ ქვეყანაში ჩამოსვლა

ტურიზმის განვითარება და ხელშეწყობა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომლის ციფრებში გამოხატული შედეგებიც საკმაოდ შთამბეჭდავია“, განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისის“ გახსნაზე.

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, აქტიური მუშაობის შედეგია, რომ საქართველოში იზრდება საერთაშორისო ავიარეისების რაოდენობა, ვითარდება და ფართოვდება აეროპორტები და მიმდინარეობს ტურისტულად მნიშვნელოვანი ადგილების სწორი განაშენიანების გეგმების შედგენა.

მინისტრის განმარტებით, ეს არის ძალიან დინამიური პროცესი, რომელიც საბოლოოდ ემსახურება იმას, რომ ტურიზმმა ქვეყანაში მეტი შემოსავლები მოიტანოს და ახალი სამუშაო ადგილები შექმნას.

„2017 წელს შვიდ მილიონ ნახევარზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი გვყავდა, საიდანაც 3 მილიონ 400 ათასზე მეტი ტურისტი იყო. უახლოესი მიზანია 11 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი. სწორედ ეს გვიბიძგებს ახალი ინვესტიციების განხორციელებისთვის და სწორედ ეს არის მამოძრავებელი ძალა ინვესტორებისა და ჩვენი ქვეყნისთვის“, აღნიშნა ქუმსიშვილმა.

სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ კომპანია „m2 უძრავი ქონების“ პროექტია. სასტუმროს მშენებლობა საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC-მ დააფინანსა, რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია განვითარებადი ქვეყნების კერძო სექტორის ხელშეწყობის კუთხით.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.