სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ცხინვალშია, რუსეთის ფედერაციაში კი, მხოლოდ საექსპერტო მასალებია გადაგზავნილი. მან თქვა, რომ დე-ფაქტო მთავრობებისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან დაუსჯელობას კიდევ უფრო მძიმე დანაშაული შეიძლება მოჰყვეს.
„დე ფაქტო ხელისუფლების ე.წ. საინფორმაციო საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტატუნაშვილის ცხედარი რუსეთშია გადასვენებული. ჩვენ ცხელი ხაზის მეშვეობით კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ გვიან ღამით ეს ინფორმაცია და დაგვიდასტურეს, რომ ცხედარი ნამდვილად ცხინვალშია“, განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრის დაწყებამდე და დაამატა:
„ახალგორში განვითარებული მოვლენები კლასიკური მაგალითია, რომ დაუსჯელობას დე-ფაქტო მთავრობებისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან კიდევ უფრო მძიმე დანაშაული შეიძლება მოჰყვეს. სწორედ ამ პათოსით ვისაუბრებთ დღევანდელ შეხვედრაზე და შევახსენებთ, როგორც დე ფაქტო ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომ აუცილებელია მკვლელობაში მსჯავრდებული პირის, მათ შორის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლის დაკავება და ქართული კანონმდებლობით მისი გასამართლება”.

