საქართველო

ახალქალაქის №2 საჯარო სკოლის დირექტორი ანაიდ აბგარიან: ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი ცხოვრებაში არის ჩემი მოსწავლეების, მშობლების, კოლეგების პატივისცემა და სიყვარული

სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქში, საკმაოდ მყუდრო, მაგრამ ბავშვებით ახმაურებული თუმანიანის ქუჩის ზედ ტროტუარიდანვე სკოლის შენობის ზღურბლზე გადაბიჯებისას საოცრად მშვიდ გარემოში ამოყოფთ თავს, მოსწავლეების ქუჩიდან შემოყოლილი თუ შენობაში არსებული ხმაური, ჩოჩქოლი და ჟივილ-ხივილი თითქოს მშვიდ გარემოსთან უფროა შერწყმული, ვიდრე აურზაურთან და აფორიაქებულ შეგრძნებასთან.

ბიზნესკონტინენტის ფოტო
ქ.ახალქალაქის №2 რუსული საჯარო სკოლის შესასვლელი
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ქ.ახალქალაქის №2 რუსული საჯარო სკოლის შესასვლელი
ახალქალაქის №2 საჯარო სკოლა

საკმაოდ თავაზიანი მანდატური სკოლის დირექტორის კაბინეტისკენ მიგაცილებს, გიღებს კარს და იქ თავის სამუშაო მაგიდასთან კოხტა, მოხდენილი, კლასიკურად ჩაცმული, ერთი შეხედვით მკაცრი, მაგრამ საოცრად თბილი და მშვიდი ადამიანი გხვდება. გამართული ქართულით, უაქცენტოდ გიწყებს საუბარს და სტუმრობის მიზეზით ინტერესდება.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის №2 საჯარო სკოლის დირექტორი ანაიდ აბგარიან

მცირე საუბრის შემდეგ, გიხსნის სკოლაში არსებულ ვითარებას, გიყვება თუ როგორ ძლიერ უნდოდა ბავშვობიდანვე მასწავლებლობა, მაგრამ მამის თხოვნით არჩეულმა პროფესიამ როგორ დაუგვიანა ამ იდეის ხორცშესხმა, თუმცა საბოლოოდ მაინც როგორ გადაწყვიტა ბავშვობის ოცნების ასრულება იმ დროს, როდესაც საქართველოში მასწავლებლის პროფესია არც ისე პრესტიჟული, ანაზღაურება კი მიზერული იყო.

ახალქალაქის №2 საჯარო სკოლის დირექტორი ანაიდ აბგარიან

ეს ანაიდ აბგარიანია, ქ.ახალქალაქის №2 საჯარო სკოლის დირექტორი – დახვეწილი, ინტელიგენტი, თავის პროფესიასა და მოსწავლეებზე უზომოდ შეყვარებული ქალბატონი.

„ბიზნესკონტინენტი“ გთავაზობთ ინტერვიუს ქ.ახალქალაქის №2 რუსული საჯარო სკოლის დირექტორთან, ქალბატონ ანაიდ აბგარიანთან, რომელიც 22 სექტემბერს არის ჩაწერილი.

ახალქალაქის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეები

ბიზნესკონტინენტი“ – ქალბატონო ანაიდ, რა ასაკიდან გადაწყვიტეთ, რომ მასწავლებელი უნდა გამხდარიყავით?

ანაიდ აბგარიან: პატარაობიდანვე მიყვარდა ძალიან ბავშვები, პედაგოგობაზე ვოცნებობდი, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ეკონომიურზე ჩავაბარე, მამაჩემის თხოვნით, რადგან იმ დროისთვის ეს ფაკულტეტი პრესტიჟული იყო. ძალიან მინდოდა უცხო ენები ამერჩია, ძალიან კარგად ვიცოდი გერმანული ენა და მთელი ცხოვრება მინდოდა, რომ პედაგოგი გავმხდარიყავი, თუმცა თავდაპირველად სხვა გზა გავიარე, მაგრამ ბოლოს მაინც სკოლაში აღმოვჩნდი. ასე გამოვიდა…

ახალქალაქის №2 საჯარო სკოლის დირექტორი ანაიდ აბგარიან მოსწავლეებთან
ახალქალაქის №2 საჯარო სკოლის დირექტორი ანაიდ აბგარიან მოსწავლესთან ერთად

ბიზნესკონტინენტი“ – როგორი მდგომარეობა იყო სკოლაში თქვენი მასწავლებლად მუშაობის დაწყების დროს? ინფრასტრუქტურა როგორი იყო სკოლის და რა გაკეთდა შემდგომ წლებში?

ანაიდ აბგარიან: როდესაც 1996 წელს მუშაობა დავიწყე სკოლაში, მდგომარეობა არასახარბიელო იყო. მოგეხსენებათ, გასული საუკუნის 90-იანი წლები როგორი რთული იყო მთელი საქართველოსთვის, მათ შორის, ჩვენი რეგიონისთვისაც. ძალიან რთულ პირობებში გვიწევდა მუშაობა. არ იყო გათბობა, არ იყო შუქი, სკოლაში შეშის ღუმელები იდგა და სათანადოდ ვერ თბებოდა საკლასო ოთახები, პრაქტიკულად ციოდა აუდიტორიებში. შემდეგ, ნელ-ნელა რაღაცები გაკეთდა, 2000 წელს სკოლა გარემონტდა, ცენტრალური გათბობა დამონტაჟდა და ნორმალური პირობები გვქონდა. თუმცა ბოლო წლების განმავლობაში, ჩემს მოსვლამდე, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მხრივ არაფერი გაკეთებულა. ამჟამად სკოლაში არ გვაქვს არც ქიმიის, არც ფიზიკის, არც ბიოლოგიის კაბინეტი, მე ვგულისხმობ ნორმალურ კაბინეტებს, სადაც ბავშვებს შეიყვან და გაკვეთილებზე თვალსაჩინოებებს წარუდგენ, ცდებს ჩაატარებ და ა.შ. ანუ კაბინეტები გვაქვს, მაგრამ ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ამ მხრივ გამოსასწორებელია საქმე. ორჯერ წარვადგინეთ პროექტი, მაგრამ ვერ გავიმარჯვეთ. განათლების სამინისტროდან წერილი მივიღეთ, რომ ავტორიზაციის გავლამდე, საკითხი მოგვარდება.

ახალქალაქის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეები

გასულ წელს კაპიტალური რემონტი გავაკეთეთ სპორტდარბაზში, რომელიც ავარიულ მდგომარეობაში იყო. ნელ-ნელა, რის საშუალებასაც გვაძლევს სკოლის ბიუჯეტი, ყოველწლიურად რაღაცას ვაკეთებთ, რომ ინფრასტრუქტურულად უკეთ ვიყოთ მოწყობილი. მაგრამ, სამწუხაროდ, არ არის იმდენად საკმარისი თანხა, ყველაფერი ისე გავაკეთოთ, რომ მოსწავლეებისთვის უფრო კომფორტული გარემო შევქმნათ.

ახალქალაქის №2 საჯარო სკოლის დირექტორი ანაიდ აბგარიან მოსწავლეებთან ერთად
ახალქალაქის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეები

ბიზნესკონტინენტი“ – მოსწავლეთა რაოდენობა რამდენი იყო მაშინ და ახლა რამდენია?

ანაიდ აბგარიან: მოსწავლეთა რაოდენობა 1996 წელს, როდესაც პირველად დავიწყე მუშაობა სკოლაში, მახსოვს, თითო კლასში სამი პარალელი იყო, ანუ რაოდენობა დიდი იყო. იცით, რომ ახალქალაქში რუსული სამხედრო ქალაქი არსებობდა და ჩვენი მოსწავლეების აბსოლუტური უმრავლესობა რუსი ეროვნების იყო – მათი შვილები, ვინც აქ მსახურობდნენ. სამხედრო ბაზის დაშლისა და ქვეყნიდან გაყვანის შემდეგ, რა თქმა უნდა, ყველა რუსეთში წავიდა და ამ პერიოდში სკოლაში მოსწავლეთა კონტინგენტი საგრძნობლად შემცირდა, თუმცა ნელ-ნელა შევსება დაიწყო, დაემატა კლასების რაოდენობა. ამასთან, გეტყვით იმასაც, რომ სამხედრო ბაზის დაშლამდე, თავად ამ რუსულ სამხედრო ქალაქშიც, 2000 წელს დამატებით გაიხსნა ახალი რუსული სკოლა და ჩვენი მოსწავლეების გარკვეული ნაწილი იქ გადავიდა სასწავლებლად, 2008 წელს დაიხურა ის სკოლა და ისევ დაბრუნდნენ ჩვენთან. რამდენიმე წლის განმავლობაში რაოდენობა შეადგენდა, სადღაც 500-ს, მერე ნელ-ნელა მოემატა, ამ ბოლო, 5-6 წლის განმავლობაში, აშკარა ზრდაა. პარალელები გვყავს 1-ელი კლასიდან მე-4 კლასის ჩათვლით 4-4 კლასი, მე-7 კლასში სამი და მე-8-დან მე-12-ის ჩათვლით 2-2 კლასი. ანუ ბოლო წლებში მოსწავლეთა რაოდენობის მხრივ დინამიკა მზარდია.

ახალქალაქის №2 საჯარო სკოლის დირექტორი ანაიდ აბგარიან მოსწავლეებთან

„ბიზნესკონტინენტი“ – სულ რამდენი მასწავლებელი გყავთ სკოლაში დასაქმებული და რამდენია მათაგნ პრაქტიკოსი, უფროსი თუ წამყვანი?

ანაიდ აბგარიან: სკოლაში სულ 60 პედაგოგია, მათგან ორმა წამყვანის გამოცდა ჩააბარა, ერთმა პორტფოლიო წარადგინდა და სტატუსიც აიმაღლა, მეორე აწი აპირებს პორტფოლიოს წარდგენას. ამგვარად, ახლა 1 წამყვანი მასწავლებელი გვყავს მხოლოდ, დანარჩენები, ჯამში 51, უფროსი მასწავლებლები არიან, 8 კი პრაქტიკოსი, რომლებსაც გრძელვადიანი კურსების წარმატებით დასრულების შემდეგ ავტომატურად მიენიჭებათ უფროსის სტატუსი, რადგან თავიანთი საგნების გამოცდა ჩაბარებული აქვთ.

მათემატიკის გაკვეთილი ახალქალაქის №2 საჯარო სკოლაში
მათემატიკის გაკვეთილი ახალქალაქის №2 საჯარო სკოლაში
ახალქალაქის №2 საჯარო სკოლის მათემატიკის უფროსი მასწავლებელი იზაბელა კოსიან გაკვეთილის ახსნის დროს
ახალქალაქის №2 საჯარო სკოლის მოსწავლე მათემატიკის გაკვეთილზე
ახალქალაქის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მათემატიკის გაკვეთილზე

„ბიზნესკონტინენტი“ – როგორ მიმდინარეობს თქვენს სკოლაში ქართული ენის სწავლება ბოლო წლების განმავლობაში და როგორია პროცენტული მაჩვენებელი ბოლო 10 წელი კურსდამთავრებულთა უნივერსიტეტებში ჩარიცხვის მხრივ? რადგან რუსული სკოლაა, ალბათ აბიტურიენტების უდიდესი ნაწილი რუსეთში ან სომხეთში მიდის სასწავლებლად, ვიდრე საქართველოში?

ანაიდ აბგარიან: 2005 წლიდან, მას შემდეგ რაც „1+4 პროგრამა“ ამოქმედდა, სომეხი ეროვნების ბავშვები, რომელთაც ჩაბარებული ჰქონდათ ერთი საგანი სომხურ ენაზე ან უნარები, ირიცხებოდნენ ქართულ უნივერსიტეტებში და პირველი ერთი წელი იქ ქართული ენის შესასწავლად იყო გამოყოფილი. პროგრამა ახლაც გრძელდება და იმ წლებში ძალიან ბევრი მსურველი იყო საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების, ძალიან ბევრმა ჩააბარა და წარმატებითაც დაამთავრეს, კარგად ფლობენ ქართულ ენას, დასაქმებულიც არიან. ამ ბოლო პერიოდში, სადღაც ალბათ 5-6 წელია, რაც რუსეთის საელჩოს პროგრამა არსებობს – მოსწავლეები მიდიან გასაუბრებაზე, თბილისში საელჩოში. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში რუსეთის ფედერაციის საელჩოს ფუნქციებს შვეიცარიის კონფედერაციის საელჩო ითავსებს მას შემდეგ, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია და იქ გადიან გასაუბრებას და ამ შედეგების მიხედვით ირიცხებიან რუსეთის სხვადასხვა უნივერსიტეტში. მაგრამ მათგან ძალიან ცოტაა ისეთი, რომელთაც რუსეთში სწავლის სურვილი აქვთ. შეიძლება ვთქვა, რომ ამ 4 წლის განმავლობაში ამ პროექტით 10-ამდე სტუდენტი თუ წავიდა რუსეთში, უმეტესობა, სომხეთში გაემგზავრა, სომხურ-რუსულ უნივერსიტეტში. ამ ფონზე, ბოლო 5 წლის განმავლობაში, საქართველოს უნივერსიტეტებში ცოტამ თუ ისურვა სწავლის გაგრძელება. მაგრამ, აი, წელს მაგალითად, 14-მა საკმარისად წარმატებით ჩააბარა, კარგი ქულები მიიღო, მაგრამ გრანტი ვერ მოიპოვეს და აქედან გამომდინარე, ისინიც სომხეთში წავიდნენ. ამჟამად, ჩვენი სკოლის მხოლოდ 6 მოსწავლე სწავლობს თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტში.

ქართულის როგორც მეორე ენის გაკვეთილი ახალქალაქის №2 საჯარო სკოლაში
ახალქალაქის №2 საჯარო სკოლის ქართულის როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელი შორენა თეთვაძე გაკვეთილის ახსნის დროს. ქალბატონმა შორენამ წამყვანის გამოცდა 2022 წელს წარმატებით ჩააბარა და პორტფოლიოს წარსადგენად ემზადება
ქართულის როგორც მეორე ენის გაკვეთილი ახალქალაქის №2 საჯარო სკოლაში
ქართულის როგორც მეორე ენის გაკვეთილი ახალქალაქის №2 საჯარო სკოლაში
ქართულის როგორც მეორე ენის გაკვეთილი ახალქალაქის №2 საჯარო სკოლაში
ქართულის როგორც მეორე ენის გაკვეთილი ახალქალაქის №2 საჯარო სკოლაში

„ბიზნესკონტინენტი“ – როგორც ვიცით, ქალაქის ახლომდებარე სოფლებიდან თქვენს სკოლაში ბავშვების შემოდინების პროცენტული მაჩვენებელი ძალზე მაღალია. რატომ ირჩევენ ბავშვები თუ მათი მშობლები თქვენს სკოლას, მაშინ როცა თითოეულ ამ სოფელში, უმეტესგან – მაგალითად, კარტიკამში, კულიკამში, დილისკაში, ჩამდურაში, საკმაოდ კარგი სკოლებია, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენი სკოლა რუსულენოვანია, მათი სკოლები კი სომხურენოვანი?

ანაიდ აბგარიან: პირველი მიზეზი ისაა, რომ დიდია ჩვენი რეგიონიდან რუსეთში მიგრაციის პროცენტული მაჩვენებელი. ოჯახიდან ჯერ ერთი ადამიანი, შემდეგ ოჯახის სხვა წევრები და ბავშვებიც მიდიან და უნდათ, რომ თავიანთმა შვილებმა, რომლებიც შემდეგ რუსეთში გადადიან საცხოვრებლად, რუსული ენა კარგად იცოდნენ. ეს ალბათ, გასაგებიცაა. მაგრამ, ამ ბოლო დროს, ჩვენთან ბავშვების მატების ტენდენციას ისიც განსაზღვრავს, რომ სკოლას ქალაქში დიდი ავტორიტეტი აქვს და პრესტიჟულია, სწავლების დონე მაღალია, ბევრი ღონისძიება ტარდება – აქ ისწავლება ქართულიც, ისწავლებოდა სომხური, ახლა ცოტა პრობლემური გახდა. ამაზე ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ. მე წერილობით უკვე მივმართე განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, რომ ამ წლის ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეიტანონ სომხური ენის სწავლება ჩვენს სკოლაში იმიტომ, რომ მოსწავლეთა თითქმის 100% ეთნიკურად სომეხია. მშობლების დაჟინებული თხოვნაა, რომ სომხური ენა აუცილებლად ისწავლებოდეს.

მინდა დავაზუსტო, რომ სომხური ენა 1994 წლიდან ისწავლებოდა ამ სკოლაში, მაგრამ არ იყო შეტანილი ეროვნულ სასწავლო გეგმაში და როდესაც ელექტრონული ბაზები შემოვიდა ჩვენთანაც, მანდ იყო მითითებული უმცირესობის ენები, რომელთაგანაც ერთი უნდა აგერჩია. საქართველოში არსებობს სამი უმცირესობის ენა – რუსული, სომხური და აზერბაიჯანული. რადგან ჩვენი სკოლა რუსულენოვანია – რუსული – უმცირესობების ერ-ერთი ენა, შეიყვანეს როგორც მშობლიური ენა და სომხური ენის შერჩევის დროს ბაზამ საშუალება არ მოგვცა, რომ შეგვეყვანა, როგორც მეორე უმცირესობის ენა. ამიტომ დადგა ეს საკითხი. იმისათვის, რომ მასწავლებლები არ დარჩნენ საათების გარეშე, ჩვენ ავირჩიეთ მეორე უცხოური ენა, მაგრამ შენიშვნაში, გრაფაში დავწერეთ, რომ მასწავლებელი ასწავლის სომხურ ენას. თუმცა, იმის გამო, რომ საშუალებას არ აძლევს ბაზა, მითითებულია, როგორც უცხო ენა. ახლა საკითხი დადგა, რომ აუცილებლად უნდა იყოს ამ ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი სომხური ენა, ან თუ სკოლას ბიუჯეტი აქვს, ამის ხარჯზე უნდა ისწავლებოდეს იგი. განათლების მინისტრისთვის ოფიციალური წერილი მიწერილი მაქვს 21 აგვისტოს, ველოდებით პასუხს. ვფიქრობ, პრობლემა მოგვარდება, მაგრამ რა ფორმით, ზუსტად ვერ გეტყვით. მე ვთხოვე 2 საათი კვირაში – მე-5 კალსიდან მე-11 კლასის ჩათვლით, ვნახოთ როგორი პასუხი იქნება.

ახალქალაქის №2 საჯარო სკოლის დირექტორი ანაიდ აბგარიან

„ბიზნესკონტინენტი“ – ქალაქის მიმდებარე სოფლებიდან შემოსული ბავშვები როგორ ძლევენ პროგრამას რუსულ ენაზე?

ანაიდ აბგარიან: თუ მოსწავლე პირველ ან მეორე კლასში შემოდის, ყველაფერი კარგად მიდის, ძალიან ნიჭიერი ბავშვები არიან, მაგრამ თუ ბავშვი მე-5, მე-6 ან მე-7 კლასებიდან შემოდის, აქ ცოტა რთულად დგას საკითხი. მე წინააღმდეგი ვარ, რომ მე-6 და უფრო მაღალ კლასებში გადმოვიდნენ ბავშვები, რადგან ისინი იჩაგრებიან იმის გამო, რომ არ იციან ენა. ამიტომ მშობლებს მოფიქრებისთვის და სწორი გადაწყვეტილების მისაღებად ვადას ვაძლევ. თუმცა, საბოლოოდ, მაინც აქ არჩევენ თავიანთი შვილების მოყვანას. მე მიმიმაჩნია, რომ მშობლები ამაზე სათანადოდ ვერ ფიქრობენ, მეც არ მაქვს იმის უფლება, რომ უარი ვუთხრა მათ. ამიტომ იძულებული ვარ, რომ მივიღო მათი ბავშვები, მაგრამ ის შედეგი არ აქვთ რაც სხვებს. არიან ისეთებიც, რომლებიც მე-5, მე-6 კლასებში მოდიან და ასე თუ ისე იციან ენა, ზოგმა უფრო მაღალ დონეზეც, მაგრამ მაინც გარკვეული სირთულეები არსებობს, განსაკუთრებით საწყის ეტაპებზე, თუმცა დროთა განმავლობაში ნორმალურად სწავლობენ. მინდა გიტხრათ, რომ გამორჩეულად კარგი ბავშვები გვყავს სოფელ კარტიკამიდან, სხვა სოფლებიდანაც.

„ბიზნესკონტინენტი“ – ზოგადად, როგორ დაახასიათებდით თქვენი სკოლის მოსწავლეებს

ანაიდ აბგარიან: არაერთი წარმატებული მოსწავლე გვყავს სპორტის, ხელოვნების მიმართულებით -გვყვანან საქართველოს, ევროპის ჩემპიონები კრივში, სპორტის სხვა სახეობებში. ალბათ 10 წელია ეს ტენდენცია, რაც ყოელწლიურად ჩვენი მოსწავლეები საქართველოს, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონები ხდებიან. იქნებ თქვენთვისაც ნაცნობი სახელია ანაიდა სტიგმაშოვა, ჩვენი სკოლა დაამთავრა, წარმატებული ბავშვი, წარმატებული პიანისტი, მთელი მსოფლიო მოიარა, ყოველწლიურად დადის საფრანგეთში კონცერტებზე, მოსკოვში პირველი ადგილი დაიკავა კონკურსში. ძალიან ნიჭიერი მხატვარი გოგონა გვყავს მე-12 კლასში, არევიკი. მოკლედ, ბევრი კარგი მოსწავლე გვყავს და უნდა ითქვას, რომ წარსულშიც გვყოლია. 10 ბავშვი ქართულ ცეკვაზე დადის, ძალიან წარმატებულები არიან და სკოლაში ჩვენი ძალებით ვმართავთ ლამაზ კონცერტებს.

ახალქალაქის №2 საჯარო სკოლის მე-12 კლასელები

ასევე, მინდა გითხრათ, რომ უკვე ყოველწლიურად, ჩვენის სკოლიდან მოსწავლეები მიემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში გაცვლითი პროგრამის ეგიდით და იქ ერთწლიანი სწავლისა და ცხოვრების შემდეგ, ფაქტობრივად, სრულიად სხვა ადამიანები ბრუნდებიან უკან. გარდა იმისა, რომ ისინი იქ საგრძნობლად იმაღლებენ ინგლისური ენის ცოდნის დონეს, ამავე დროს იძენენ დამოუკიდებლად ცხოვრებისა და მოხალისეებად მუშაობის გამოცდილებას.

ახალქალაქის №2 საჯარო სკოლის მე-12 კლასელები – მარცხნიდან მარჯვნივ: ვენერა, არევიკი და სვეტა. ვენერა აშშ-ის მისურის შტატში იმყოფებოდა 1-წლიანი გაცვლითი პროგრამით და ძალიან კმაყოფილი დაბრუნდა შეერთებული შტატებიდან. იგი თბილისში, ილიას უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებზე აპირებს სწავლის გაგრძელებას, არევიკმა სომხეთში გადაწყვიტა წასვლა, სვეტა კი ჯერ კიდევ ფიქრობს, სად განაგრძოს სწავლა. როგორც „ბიზნესკონტინენტს“ სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ანაიდ აბგარიანმა უთხრა, არევიკი საუკეთესოდ ხატავს და უნიჭიერესი მოსწავლეა. „ბიზნესკონტინენტი“ მე-12 კლასელების შესახებ ცალკე სტატიას მომავალში შემოგთავაზებთ.

„ბიზნესკონტინენტი“ – რა ურთიერთობა გაქვთ სკოლის კურსდამთავრებულებთან? რა თქმა უნდა, როცა ამდენი ბავშვი ამთავრებს ყოველწლიურად სკოლას, ყველა მათგანთან ვერ გექნებათ ურთიერთობა, მაგრამ ალბათ მაინც გიხერხდებათ ზოგიერთთან ურთიერთბა?

ანაიდ აბგარიან: ყოველწლიურად, არდადეგების დროს, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები, შეიძლება სრული შემადგენლობითაც კი, იკრიბებიან და მოდიან პედაგოგების სანახავად, ჩემს სანახავადაც. მათ შორის არიან ისეთებიც, რომელთანაც ძალიან მყარი ურთიერთობა მაქვს 8-10 წლის განმავლობაში, ესენი არიან ისინი, ვინც ღონისძიებების ორგანიზების დროს ჩემ გვერდით იყვნენ, უაღრესად დიდი დამხმარე ძალა, ძალიან გულახდილი, მართლაც რომ კარგი ბავშვები, რომლებიც ზრუნავდნენ ყველაფერზე. ხშირად გვიანობამდე, ღამის 10, 11 საათამდეც გვიწევდა სკოლაში ერთად დარჩენა, რომ ღონისძიებები კარგი გამოგვსვლოდა. გულდასაწყვეტია, რომ ბავშვების მიდგომა მასწავლებლის, უფროსის მიმართ ადრე უფრო კარგი იყო. ახლა მოსწავლეებში, როგორ ვთქვა, სითბო, უფრო ნაკლებია, ვიდრე ვთქვათ, 5-6 წლის წინათ იყო. ერთი კვირის წინ იმყოფებოდა ერთ-ერთი ყოფილი მოსწავლე ჩემთან, ერევნიდან იყო ჩამოსული და მოვიდა სანახავად, ვისაუბრეთ… მისი წარმატების შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით მქონდა ინფორმაცია. დაინტერესდა თუ როგორი წინსვლა გვქონდა სკოლაში. ძალიან მიხარია, როცა სოციალური ქსელებიდან მათზე წარმატებას ვიგებ. კარგია, რომ მათ არ ავიწყდებათ ჩვენი სკოლა, ეს ჩემში განსაკუთრებულ სიხარულს წარმოშობს. ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი ცხოვრებაში არის ჩემი მოსწავლეების, მშობლების, კოლეგების პატივისცემა და სიყვარული. დანარჩენი უკვე მეორეხარისხოვანია, ჩემი აზრით.

ახალქალაქის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეები

„ბიზნესკონტინენტი“ – სკოლის შენობაში შემოსვლისთანავე იგრძნობა სასიამოვნო ატმოსფერო, და შესვენებების დროს ბავშვების გარკვეული ხმაურის მიუხედავად, თითქოს მაინც სიმშვიდეა. ქალბატონო ანაიდ, თქვენთან რამდენიმე საათის გატარება, არაერთი ფორმალური თუ არაფორმალური შეკითხვის დასმა მომიწია და რაც დავინახე ისაა, რომ საოცრად მშვიდი ბუნების, საოცრად გაწონასწორებული და მოზომილი ადამიანი ჩანხართ. როგორ ფიქრობთ, სკოლის ხელმძღვანელის ეს თვისება გარემოზეც ხომ არ გადადის?

ანაიდ აბგარიან: (იღიმება) რა თქმა უნდა, მშვიდი გარემო, ეს არის ყველაზე მთავარი პირობა იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი ჯანსაღ, ნორმალურ ვითარებაში მიმდინარეობდეს. კოლეგების ერთმანეთისადმი პატივისცემა, ბავშვების ერთმანეთისადმი მეგობრული დამოკიდებულება, მასწავლებლებისა და მოსწავლეების პატივისცემასა და ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული ურთიერთობა – ეს ერთობლიობაში ქმნის ისეთ გარემოს, სადაც ყველას უხარია ყოფნა და ასეთ პირობებში, პედაგოგების საქმიანობაც გაცილებით უფრო ნაყოფიერია.

ახალქალაქის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეები

„ბიზნესკონტინენტი“ – თქვენმა 27-წლიანმა პედაგოგიურმა საქმიანობამ რა გამოცდილება შეგძინათ იმისათვის, რომ შეაფასოთ, თუ როგორი უნდა იყოს კარგი მასწავლებელი?

ანაიდ აბგარიან: მე მივიჩნევ და ეს ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში მრავალგზის ნაცადია, რომ ყველაზე მთავარი არის ურთიერთგაგება მოსწავლესა და მასწავლებელს შორის. მე თითოეულ ბავშვს ვუდგები, როგორც ცალკე აღებულ ინდივიდს. თუკი ბავშვებს რაიმე პრობლემა აქვთ, რა შეკითხვაც არ უნდა დასვან, მე მზად ვარ ვუპასუხო და პრობლემა მოვაგვარო და თუკი პატივისცემით ვარ მოწყობილი (რედაქციის შენიშვნა: ქალბატონმა ანაიდმა სიტყვა მოწყობილი გამოიყენა, მაგრამ იქვე გამოასწარო შეცდომა და განწყობილით შეცვალა. მსგავსი შეცდომების დაშვების შესახებ იგი დაბლა გვიამბობს) განწყობილი ჩემი მოსწავლეების მიმართ ე.ი. თავადაც მივიღებ პატივისცემას მათი მხრიდან. თუკი მათ ხმამაღლა ესაუბრე, თუკი რაღაც შეკითხვა დაგისვეს და ეუბნები, რომ ახლა შენ დრო არ გაქვს და შემდეგ უპასუხებ, ეს არასწორია. მოსწავლე ყოველთვის არის პირველ რიგში დასაყენებელი, სწავლა არის ორიენტირებული მოსწავლეზე, ამიტომ მასწავლებელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ შექმნას კარგი, წყნარი, მშვიდი გარემო, რომ მოსწავლეებისთვის იყოს კომფორტული სწავლა და ცოდნის მიღება. თუ ასეთი ურთიერთობა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის არ შედგება, ტყუილია, რომ კარგი შედეგი მიიღო.

ახალქალაქის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეები

შეიძლება მოსწავლემ იძულებით წაიკითხოს, ისწავლოს, მაგრამ ეს სწავლა ხალისიანი და საინტერესო არ იქნება. თუ მასწავლებელს პატივს სცემს, ე.ი. პატივს სცემს მის საგანსაც, რომელსაც ასწავლის მასწავლებელი. ჩემთვის მთავარია ურთიერთგაგება და ურთიერთპატივისცემა. ეგ არის ერთადერთი პირობა, რომელიც იძლევა ძალიან კარგ შედეგს – ადამიანურ ურთიერთობებში, სწავლის კარგ შედეგებში. რა ვიცი, ჩემთვის ეს არის მთავარი. კარგ მასწავლებელს მე ვხედავ ისეთ პოზიციაზე მყოფს, რომ მოსწავლის მიმართ იყოს განწყობილი პატივისცემით, მოსწავლეებში დაინახოს ყველა ის პრობლემა, რომელიც უშლის ხელს მათ წარმატებულ სწავლას და მხარში დაუდგეს, რომ ეს პრობლემები მოაგვაროს მათთან ერთად.

რუსული ენის გაკვეთილი ახალქალაქის №2 საჯარო სკოლაში
ახალქალაქის №2 საჯარო სკოლის რუსული ენის უფროსი მასწავლებელი კარინე ოგანესიან გაკვეთილის ახსნის დროს
რუსული ენის გაკვეთილი ახალქალაქის №2 საჯარო სკოლაში
რუსული ენის გაკვეთილი ახალქალაქის №2 საჯარო სკოლაში
რუსული ენის გაკვეთილი ახალქალაქის №2 საჯარო სკოლაში
ახალქალაქის №2 საჯარო სკოლის რუსული ენის უფროსი მასწავლებელი კარინე ოგანესიან გაკვეთილის ახსნის დროს

„ბიზნესკონტინენტი“ – ქალბატონო ანაიდ, თქვენი შეხედულებით, რა კრიტერიუმებით შეიძლება შეფასდეს სკოლის დირექტორი იმისათვის, რომ მას კარგი ხელმძღვანელი ეწოდოს? სკოლის, მით უფრო ამხელა სკოლის, როგორიც თქვენია, სადაც 766 მოსწავლე ირიცხება, მართვა სათანადო უნარებს, გამოცდილებას და დიდ შრომას მოითხოვს. როგორც ვიცი, თქვენ მოადგილე არ გყავთ, მაშინ როცა გაცილებით ნაკლები მოსწავლეთა რაოდენობის მქონე სკოლების დირექტორებსაც კი ჰყავთ მოადგილეები. ასეთ პირობებში, როგორ ართმევთ თავს უამრავ საქმეს?

ანაიდ აბგარიან: რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შრომაა საჭირო. დილის 9-ის ნახევრიდან საღამოს 6 საათამდე ვმუშაობთ 2 ცვლაში. 8 კლასი მე-2 ცვლაშია. ამის გარდა, ძალიან ბევრი შრომა მიწევს სახლშიც. იქ მიბრუნებული 1 საათი ვისვენებ და შემდეგ ისევ სასკოლო საქმეებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას ვუბრუნდები. ინტერნეტის მეშვეობით ვმუშაობთ სახლში, კომპიუტერში სკოლის პროგრამა მაქვს და რასაც ვერ ვასწრებ ხოლმე სკოლაში დღის განმავლობაში, აუცილებლად ვაკეთებ საღამოს საათებში, ძირითადად ღამის 2-3 საათამდე, რომ მეორე დღეს ყველაფერი იყოს მზად. ვცდილობთ, ჩვენს თანამშრომლებთან ისეთი ურთიერთობა გვქონდეს ჩვენი ადმინისტრაციის წევრებს, რომ ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა იყოს დაგეგმილი, მოწესრიგებული და მათთვის პრობლემების მინიმალურად შემქმნელი.

ახალქალაქის №2 საჯარო სკოლის დირექტორი ანაიდ აბგარიან დერეფანში ერთ-ერთ პედაგოგთან საუბრის დროს

ჩემთვის, კარგი დირექტორი უნდა იყოს, პირველ რიგში თავაზიანი; უნდა იყოს აუცილებლად სამართლიანი თავის ყველა თანაშრომლისა და მოსწავლის მიმართ; უნდა იცოდეს კარგად თავისი საქმე; უნდა იყოს საგანმანათლებლო ლიდერი; იცოდეს ეროვნული სასწავლო გეგმის ყველა ნაწილი, რომ ნორმალურად მართოს სკოლა; ისე უნდა წარმართავდეს თავის საქმიანობას, რომ სკოლა იყოს წარმატებული და მოსწავლეებს ჰქონდეთ ძალიან კარგი შედეგები სკოლაშიც და მისი დამთავრების შემდეგაც. პირველ რიგში, სკოლამ კარგი მოქალაქე უნდა აღზარდოს, ეს ყველაზე მთავარია.

ახალქალაქის №2 საჯარო სკოლის დირექტორი ანაიდ აბგარიან დერეფანში ერთ-ერთ პედაგოგთან საუბრის დროს

„ბიზნესკონტინენტი“ – თქვენთვის რა შეიძლება იყოს კოლეგის მიერ ჩადენილი უპატიებელი შეცდომა?

ანაიდ აბგარიან: ყველაზე მეტად ის, რაც მოსწავლეს უშლის ხელს მიიღოს კარგი ცოდნა, რომ მასწავლებელმა არ ჩაშალოს სასწავლო პროცესი, თავიანთი გაკვეთილები უნდა ჩაატარონ კეთილსინდისიერად, ისე, რომ მოსწავლეებმა მიიღონ სათანადო ცოდნა. თუ მასწავლებელი შედის და არაფერს არ აკეთებს ან აგვიანებს გაკვეთილზე, ეგ არის ჩემთვის, შეიძლება ვთქვათ, რომ ყველაზე დიდი დანაშაული არა, მაგრამ მაინც მიუტევებელი რამ, რადგან მიმაჩნია, რომ მასწავლებელი უნდა იყოს ყველაზე კარგი მაგალითი მოსწავლისთვის. თუ მასწავლებელი აგვიანებს, მოსწავლეს მერე უფლება აქვს თქვას, რომ რატომ აგვიანებს ის და მან რატომ არ უნდა დააგვიანოს. და ასე ვერ შედგება კარგი ურთიერთობა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის და თავისთავად, ამას არასასურველი შედეგი ექნება. რა თქმა უნდა, სამართლიანი უნდა იყოს მასწავლებელი და უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური მიდგომა ყველა მოსწავლის მიმართ, რადგან სხვადასხვა ბავშვი სხვადასხვა ხასიათისაა და პედაგოგმა უნდა იცოდეს თუ რა მიდგომაა აუცილებელი მათდამი.

ახალქალაქის №2 საჯარო სკოლის დირექტორი ანაიდ აბგარიან

„ბიზნესკონტინენტი“ – შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ ქართულად ჩინებულად საუბრობთ. სად, როდის და როგორ შეისწავლეთ ქართული ასეთ მაღალ დონეზე? თქვენი სკოლაში სწავლის პერიოდში, ვიცით, რომ არაქართულენოვან სკოლებში ქართულ ენას 1 ან 2 საათი ეთმობოდა მხოლოდ და უმეტესად არც კი ისწავლებოდა სათანადო დონეზე, თან მისი გამოყენების საჭიროებაც დიდად არ იყო ახალქალაქის რაიონში, რადგან მაშინ, საბჭოთა კავშირის პირობებში, დომინანტი ენა ყველა რესპუბლიკაში რუსული იყო.

ანაიდ აბგარიან: ძალიან ბევრს ვკითხულობდი. თვითსწავლით ვიყავი დაკავებული, ვკითხულობდი ძალიან საინტერესო ჟურნალებს, წიგნებს. ენების შესწავლისას ჩემი მიდგომა ასეთი იყო. როცა წინადადებაში უცნობ სიტყვას წავაწყდებოდი, ვთქვათ ქართულ ენაზე, აუცილებლად გავყოფდი ორ ნაწილად, რა ნაწილებისგან შედგებოდა ეს წინადადება, თუკი ერთი ნაწილის მნიშვნელობა ვიცოდი, ლოგიკურად უკვე ვხვდებოდი ეს სიტყვა რას ნიშნავდა, მერე ვამოწმებდი აუცილებლად ლექსიკონის მეშვეობით, სწორად გავიგე თუ არა. და ასე გრძელდებოდა. მაგალითად, ვკითხულობდი ცნობილ ადამიანებზე სტატიებს, ძალიან მომწონდა ეს. ვფიქრობ, რაღაც გარკვეული დადებითი მხარე აქვს თვითსწავლებას. უფრო მობილიზებული ხარ ამ დროს.

მინდა ვთქვა, რომ თავისუფლად შემიძლია სომხურ და რუსულ ენებზე ქართულიდან თარგმანის გაკეთება, მაგრამ ცოტა, ოდნავ შიში მაქვს იმისა, რომ სომხურიდან და რუსულიდან ქართულ ენაზე ვთარგმნო. გარკვეულწილად შიში მაქვს, არასწორად არ ვთარგმნო რაიმე, ინტუიციურად ვიცი როგორაა, სწორია თუ არა წინადადება, მაგრამ მაინც მეშინია ცოტა, რომ სადღაც არ დავუშვა შეცდომა.

ახლაც ძალიან ბევრს ვკითხულობ სხვადასხვა ხასიათის წიგნებს, სახელმძღვანელოებს, ვკითხულობ რა თქმა უნდა კანონებს. ვაპირებ ისევ უნარებში გამოცდის ჩაბარებას.

ახალქალაქის №2 საჯარო სკოლის დირექტორი ანაიდ აბგარიან

ერთ საკითხსა მინდა შევეხო. ქართულენოვანი და არაქართულენოვანი სკოლებისთვის სახელმძღვანელოები სხვადასხვა არის და გეოგრაფიის საგანშიც, რომელსაც მე ვასწავლი, ბუნებრივია, ასეა. გითხრათ სიმართლე, მე ქართული სახელმძღვანელოები უფრო მომწონდა და აქედან გამომდინარე, ჩემს გაკვეთილებზე, დაწყებული 2005 წლიდან, ჩვენი სახელმძღვანელოების პარალელურად, ჩემ მიერ რუსულად თარგმნილი ქართულენოვანი სახელმძღვანელოების ტექსტებსაც ვიყენებდი, რადგან ძალიან კარგი ავტორები იყვნენ და ძალიან კარგი თემები იყო და რაც მთავარია, მოსწავლეებსაც მეტისმეტად მოსწონდათ. შეიძლება ითქვას, რომ ეს მათთვისაც სასარგებლო იყო და ჩემთვისაც, რადგან თანდათან ჩემი ქართული ენის ცოდნა ამითაც უფრო იხვეწებოდა. მართალია, რომ ბრწყინვალედ არ ვიცი ქართული, ხანდახან ემოციების ფონზე შეიძლება გრამატიკული შეცდომებიც დავუშვა, მაგრამ უმეტესწილად ვხვდები იმ წუთასვე, იქვე გამოვასწორებ-ხოლმე და მეორედ ვცდილობ, რომ არ დავუშვა იგივე შეცდომა. ასეთია ჩემი პრინციპი ენების სწავლაში.

გულახდილად გეტყვით, მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში ქართულის გაკვეთილებს კარგად ვსწავლობდი, საშინაო დავალებას ყოველთვის ვასრულებდი – მეხმარებოდა ჩემი ნათესავი სამტრედიიდან, არ მიყვარდა, რომ გაკვეთილების უსწავლელად ან საშინაო დავალებების შეუსრულებლად მივსულიყავი სკოლაში – მაინც ვერ ვიტყვი, რომ მე სკოლაში მქონდა იმდენი ცოდნა ქართული ენისა, რომ დავიტრაბახო, ასე ნამდვილად არ იყო. უბრალოდ, ვიცოდი ელემენტარული სიტყვები – წყალი, პური და ა.შ. მაგრამ როცა გავთხოვდი, იმ წლიდან მკაფიოდ დავისახე მიზნად, რომ აუცილებლად უნდა მესწავლა ქართული, რადგან ჩემი შვილები ქართველები არიან, მე საქართველოს მოქალაქე ვარ და მიმაჩნდა, რომ აუცილებლად უნდა მცოდნოდა სახელმწიფო ენა.

ახალქალაქის №2 საჯარო სკოლის დირექტორი ანაიდ აბგარიან

მოკლე ბიოგრაფიული ცნობები ანაიდ აბგარიანის შესახებ

დაიბადა 1958 წლის 17 აგვისტოს, ქალაქ ნინოწმინდაში, მაშინდელ ბოგდანოვკაში, ოჯახმა პირველივე კლასიდან სასწავლებლად ახალქალაქის სომხურენოვან სკოლა-ინტერნატში (ახლანდელი მე-5 საჯარო სკოლა) შეიყვანა. 1979 წელს რუსეთის, კომის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქის, სიქტივკარის სახელმწიფო უნივერისტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, რომელიც ფინანსებისა და კრედიტების სპეციალობით წარმატებით დაასრულა, რის შემდეგაც ახალქალაქის რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის (მაშინდელი აღმასკომი) ფინანსურ განყოფილებაში მთავარი ბუღალტრის მოადგილედ დაიწყო მუშაობა, სადაც 12 წელი დაჰყო, პარალელურად, 1996 წელს ქ. ახალქალაქის №2 საშუალო სკოლაში მასწავლებლად შეუდგა მუშაობას და დღემდე უწყვეტი სტაჟით განაგრძობს საქმიანობას აღნიშნულ სკოლაში; 2014 წლის დეკემბერში ქ.ახალქალაქის №2 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა, 2020 წლის 10 დეკემბრიდან დღემდე კი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია. არის გეოგრაფიის უფროსი მასწავლებელი, ჩაბარებული აქვს როგორც საგნის, ისე პროფესიული უნარების გამოცდა.