GUARDIAN.GE – საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე, რობინ დანიგანის კანდიდატურა წარადგინეს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. ნომინაცია სენატშია გადაგზავნილი დასამტკიცებლად.
დანიგანი ამჟამად სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის პოსტზე მუშაობს. იგი სახელმწიფო დეპარტამენტს 1992 წელს შეუერთდა.
2018 წლის ივლისიდან 2021 წლის ივლისამდე, იგი ავსტრიაში აშშ-ის საელჩოს მისიის მოვალეობის შემსრულებლისა და მისიის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.
2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის აგვისტომდე დანიგანი სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკული რესურსების ბიუროში მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
დანიგანი ასევე მსახურობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში, ინტენსიურად მუშაობდა ვაჭრობისა და ინვესტიციების, ენერგეტიკისა და სანქციების საკითხებზე. ვაშინგტონში იგი მუშაობდა ევროპის, დასავლეთ ნახევარსფეროსა და აფრიკის ოფისის დირექტორის პოსტზე ენერგეტიკის ბიუროში, ასევე თანამდებობებზე ახლო აღმოსავლეთის საქმეთა ბიუროში და ოპერაციების ცენტრში.
რობინ დანიგანი არის ომის ეროვნული კოლეჯის წარჩინებული კურსდამთავრებული, სადაც მან ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში მაგისტრის ხარისხი მიიღო. ასევე, მაგისტრის ხარისხი აქვს მიღებული ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში საგარეო სამსახურის მიმართულებით და ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტში. დანიგანი ფლობს ესპანურ ენას, ასევე შეუძლია გერმანულად, თურქულად და ვიეტნამურად საუბარიც.