მსოფლიოს ახალი ამბები

საერთაშორისო სავალუტო ფონდი: უკრაინაში ომი გლობალურ ეკონომიკაზე „სერიოზულ გავლენას“ იქონიებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინაში მიმდინარე ომის გლობალურ ეკონომიკაზე „სერიოზული გავლენის“ შესახებ გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს.

„მაშინ, როცა მდგომარეობა რჩება უაღრესად მერყევი და გამოკვეთილია მომავლის უკიდურესი გაურკვევლობა, ეკონომიკური შედეგები უკვე ძალზე სერიოზულია. თუკი კონფლიქტი გამწვავდება, ეკონომიკური ზიანი უფრო დამანგრეველი იქნება“, – ნათქვამია სავალუტო ფონდის გავრცელებულ განცხადებაში.

მასში აღნიშნულია, რომ ენერგო და სამომხმარებლო საქონლის ფასები მკვეთრად გაიზარდა, რაც არსებულ ინფლაციას ტვირთად აწვება, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ გლობალურ სანქციებს კი, ასევე ფართომასშტაბიანი შედეგები ექნება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდში აცხადებენ, რომ ქვეყნებს, რომლებსაც მჭიდრო ეკონომიკური კავშირები აქვთ უკრაინასა და რუსეთთან, განსაკუთრებით მძიმე დარტყმა მიადგებათ, ლტოლვილების შემოდინებით გამოწვეული სტრესის გარდა მათ დეფიციტისა და მიწოდების შეფერხების განსაკუთრებული რისკი შეექმნებათ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი საბჭო რუსეთ-უკრაინის ომის ეკონომიკური შედეგების განსახილველად პარასკევს შეიკრიბა. მოელიან, რომ საბჭო ისევ გამართავს შეხვედრას მომავალ კვირას, უკრაინის მიერ 1.4 მილიარდი აშშ დოლარის გადაუდებელი ფინანსირების შესახებ თხოვნის შესაფასებლად.

guardian.ge