საქართველო

შარლ მიშელმა საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დასრულებულად გამოაცხადა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დასრულებულად გამოაცხადა, – ამის შესახებ მან ორბელიანების სასახლეში დოკუმენტზე – „საქართველოს წინსვლის გზა“ – ხელმოწერის ცერემონიის გამართვის შემდეგ ბრიუსელიდან ჩართვისას თქვა.

მიშელმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიწვევა მიიღო და თქვა, რომ ხვალ საქართველოში ვიზიტად ჩამოვა.

მან იმ პოლიტიკურ ძალებს, ვინც დღეს დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, მოუწოდა შეუერთდნენ პროცესს. 

„საქართველოს მოქალაქეები ისედაც დგანან გამოწვევების წინაშე – „კოვიდ-19“-ის პანდემია, რეფორმები, კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულების კუთხით არსებული გამოწვევები. მათ, ვინც დღეს ხელი არ მოაწერა შეთანხმებას, მინდა, მოგიწოდოთ საქართველოს ინკლუზიური, მრავალპარტიული დემოკრატიული ინტერესების გათვალისწინებით, შეუერთდეთ ამ ხელმოწერას. მჯერა, რომ დღევანდელი ახალი ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანია, რთული რეგიონული კონტექსტის გათვალისწინებით“, – განაცხადა მიშელმა.

მან მადდლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტს, ოპოზიციური პარტიების ლიდერებს და ელჩებს გაწეული შრომისათვის.

„მინდა, მადლობა გადავუხადო დიპლომატიურ გუნდს, რომელიც დაუღალავად მუშაობდა თქვენთან ერთად, ასევე, კარლ ჰარცელს და ელჩ დეგნანს. ჩვენ ვაფასებთ ყველა თქვენგანის ძალისხმევას. მადლობელი ვარ პრემიერ-მინისტრისა და თქვენი, პოლიტიკურო ლიდერებო, ოპოზიციური პარტიების არჩეულო წევრებო, თქვენი სიმამაცისა და გაბედული პოლიტიკური არჩევანისათვის. ქალბატონო პრეზიდენტო, ჩვენ მჭიდრო კონტაქტში ვიყავით მთელი ამ დროის განმავლობაში. თქვენ გამიზიარეთ თქვენი აზრები, რაც უზომოდ სასარგებლო იყო ჩემთვის. მადლობა თქვენი სიბრძნისათვის. ეს შეთანხმება არ არის ფინალური ხაზი. ეს არის საწყისი წერტილი, საწყისი წერტილი თქვენი მუშაობისთვის, საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებისთვის, საწყისი წერტილი თქვენი მუშაობისთვის, რათა გაუძღვეთ ქვეყანას ევროატლანტიკურ გზაზე“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.

ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე – „საქართველოს წინსვლის გზა“ – ხელმოწერის ცერემონია ცოტა ხნის წინ გაიმართა.

დოკუმენტზე ხელმომწერებს შორის არიან: დავით ბაქრაძე – „ევროპული საქართველოს“ ყოფილი თავმჯდომარე, პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი; ალეკო ელისაშვილი – პარტია „მოქალაქე“; ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე – „ლელო საქართველოსთვის“; ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – „გირჩი – მეტი თავისუფლება“; ვახტანგ მეგრელიშვილი – „გირჩი“; შალვა პაპუაშვილი, არჩილ თალაკვაძე – „ქართული ოცნება“; სალომე სამადაშვილი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (მან თქვა, რომ დოკუმენტს ხელს აწერს, როგორც პარლამენტის ინდივიდუალური წევრი). ხათუნა სამნიძე – „რესპუბლიკური პარტია“; გიორგი ვაშაძე – „სტრატეგია აღმაშენებელი“.

ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში კარლ ჰარცელი, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.

ხელმოწერის ცერემონიას დისტანციურად, ბრიუსელიდან ონლაინ ჩართვის მეშვეობით ადევნებდა თვალს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.