ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ვლადიმერ პუტინმა ჯო ბაიდენს ჯანმრთელობა უსურვა

(GUARDIAN.GE) – რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერს, ჯო ბაიდენს, რომელმაც განაცხადა, რომ პუტინი მკვლელია, ჯანმრთელობა უსურვა.

„ბავშვობაში, როდესაც ჩვენ ეზოში ერთმანეთთან ვკამათობდით, ვამბობდით: „ვინც რას იძახის, თავის თავზე იძახის. და ეს შემთხვევითი არ არის. ეს არ არის მხოლოდ ბავშვური ანდაზა და ხუმრობა. ამაში დიდი აზრია, ფსიქოლოგიური. ჩვენ სხვა ადამიანში ყოველთვის ვუყურებთ საკუთარ თავს და ვფიქრობთ, რომ ის ისეთივეა, როგორც ჩვენ“, თქვა პუტინმა, როგორც ამას „რია ნოვოსტი“ იტყობინება.

მან აღნიშნა, რომ თითოეული ერის ისტორიაში „ბევრი დრამატული და სისხლიანი მოვლენაა“.

„მაგრამ, როდესაც ჩვენ ვაფასებთ სხვა ადამიანებს, ან თუნდაც, როდესაც ვაფასებთ სხვა სახელმწიფოებს, ერებს, ჩვენ ყოველთვის, რაღაცნაირად თითქოს სარკეში ვიხედებით. ჩვენ ყოველთვის იქ საკუთარ თავს ვხედავთ“, განაცხადა პუტინმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო ოფისმა 16 მარტს გამოაქვეყნა არაკლასიფიცირებული ანგარიში 2020 წლის არჩევნებზე ჩარევის შესახებ, რომლის მიხედვითაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ზედამხედველობას უწევდა ფართომასშტაბიან ძალისხმევებს „ჩირქი მოსცხებოდა“ ჯო ბაიდენის კანდიდატურას.

როგორც ჯო ბაიდენმა ამერიკულ ტელეკომპანია ABC-ისთან ინტერვიუში განაცხადა, მან იანვრის ბოლოს სატელეფონო საუბრისას გააფრთხილა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი, რომ უნდა ელოდოს პოტენციურ პასუხს და „საფასურის გადახდას“ აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩარევისთვის. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია რა საფასურის გადახდას უნდა ელოდოს პუტინი.

„იგი გადაიხდის საფასურს. ჩვენ ხანგრძლივი საუბარი გვქონდა, მას და მე. მე მას საკმაოდ კარგად ვიცნობ. და საუბრის დასაწყისში მე მას ვუთხარი: ‘მე გიცნობ შენ და შენ მიცნობ მე. თუკი დავადგინე, რომ ეს მოხდა, მაშინ მზად იყავი“, განაცხადა ბაიდენმა.

გადაცემის წამყვანმა სტეფანოპოპულოსმა ჰკითხა: „ამგვარად, თქვენ იცნობთ ვლადიმერ პუტინს. ფიქრობთ, რომ ის მკვლელია?“

„ასე ვფიქრობ“, უპასუხა ბაიდენმა.

მან ასევე თქვა, რომ ამავე დროს შესაძლებელია პუტინთან თანამშრომლობა და მუშაობა ისეთ სფეროებში, რომელიც ორი ქვეყნის საერთო ინტერესებში შედის.