საქართველო

გიორგი გახარია: აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ეს ასე გაგრძელდება ნებისმიერ შემთხვევაში

აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ეს ასე გაგრძელდება ნებისმიერ შემთხვევაში, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მთავრობის მეთაური პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას გამოეხმაურა და ყველას მოუწოდა, არ მოახდინონ საკითხის პოლიტიზება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

„უნდა გამოვეხმაურო პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას, რამეთუ როგორც ხედავთ, არ წყდება საკითხის პოლიტიზების მცდელობა, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ გამოძიება უნდა დასრულდეს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გავაკეთოთ საბოლოო დასკვნები. საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი სახის პოლიტიზება და პოლიტიკური სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით უბრალოდ დამაზიანებელია ქვეყნისთვის, ამიტომ არის აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელი. აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ეს ასე გაგრძელდება, ნებისმიერ შემთხვევაში. სწორედ ამიტომ, ვერც გამოძიების დაწყების ფაქტი, რომელიც სრულად საქართველოს საშინაო საქმეა და ვერც გამოძიების შედეგად ახლად გამოვლენილი გარემოებები, რომელიც ჩვენ უკვე გავუზიარეთ ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებს, ვერ დააზიანებს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას, ეს ხაზგასმით არის აღსანიშნავი. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, არ მოვახდინოთ საკითხის პოლიტიზება, ეს არის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე,”- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.