საქართველო

ცხოვრება კაბინეტებში და ცხოვრება მინდვრებში – 69 წლის აზერბაიჯანელი ფერმერის ცხოვრება სავანეთში

ცხოვრება კაბინეტებში და დირექტივები კაბინეტებიდან უმეტესწილად სრულად არის აცდენილი იმ რეალობას, რაც მაგალითად, სოფლის მეურნეობის საკითხების პრაქტიკული გაძღოლისას არსებობს ან იჩენს ხოლმე თავს. მაგალითად, ქვემო ქართლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში გავლა და იქ მცხოვრებ ადამიანებთან საუბრები სავსებით ნათელ სურათს იძლევა იმის აღსაქმელად თუ რამდენად არ შეესაბამება „ჩინოვნიკურ ენაზე“ აღწერილი ამბები იმ სინამდვილეს, რაც ამ აღწერილობით არის გადმოცემული.

თბილისი-მარნეული-ბოლნისის ცენტრალური გზის გადასახვევიდან რამდენიმე კილომეტრში ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი სავანეთი მდებარეობს, სადაც ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობა ცხოვრობს. „ბიზნესკონტინენტმა“ ამჯერად ეს სოფლეი აარჩია იმისათვის, რომ გაეგო, თუ როგორ ცხოვრობენ აქაური ფერმერები დარამდენად აქვთ მათ ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან.

რატომ ქვემო ქართლი?

არავისთვის უცხო არ არის ის ამბავი, რომ ქართული ბაზრის სოფლის მეურნეობის პროდუქტებით უზრუნველყოფა უმტესწილად სწორედ ქვემო ქართლში მცხოვრები ამ უაღრესად მშრომელი და წესიერი ადამიანების მხრებზე დგას. გამონაკლისი შეიძლება არც ფატულლა ფატულლაევი იყოს, რომელიც უკვე ათწლეულებია კერძო ბიზნესს ოჯახთან ერთად ეწევა, მაგრამ იგი ნამდვილად ერთ-ერთი გამონაკლისია – თავისი ბიოგრაფიით, ცოდნით, გამოცდილებით, პატიოსნებითა და შემართებით.

ფატულლა ფატულლაევი

ფატულლა ფატტულაევი, 69 წლის, სწავლული აგრონომი, კომუნისტურ წლებში ბოლნისის რაიონის სოფლის მეურნებობის განხრით მთავარი სახელმწიფო ინსპექტორის, შემდეგ კი სავანეთის საბჭოთა მეურნეობის მთავარი აგრონომის თანამდებობაზე მუშაობდა.

ფატულლა ფატულლაევი

იგი ერთ-ერთი პირველი იყო ვინც კომუნისტური მმართველობის ბოლო პერიოდიდან ჯერ კოოპერატიული საქმიანობა დაიწყო, ხოლო შემდეგ არენდატორი გახდა.

1996 წელს მან ოჯახთან ერთად შპს „ანატა“ დააფუძნა და სადღეისოდ მისი ოჯახი კერძო საკუთრებაში 23 ჰა მიწას ფლობს, საიდანაც წელს 4.5 ჰა-ზე თეთრი სიმინდი, ხოლო 1.5 ჰა-ზე ყვითელი სიმინდი დათესა და რამდენიმე დღეში მოსავალსაც აიღებს – ფიქრობს, რომ ჯამში 55 ტონამდე სიმინდს მიიღებს.

როგორც მან „ბიზნესკონტინენტს“ უთხრა, თუკი თავისი მიწების სრულად მორწყვის შესაძლებლობა ექნება, მაშინ სიმინდის ყანას დამატებით 10 ჰა-ზეც მოიყვანს და მოსავლის რაოდენობას უკვე 90 ტონით მაინც გაზრდის.

ფატულლა ფატულლაევი

ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც ახლა ფატულლაჰ ფატულლაევს და მის მსგავს ფერმერებს აწუხებთ, ეს სარწყავი სისტემის გაუმართაობა ან არარსებობა და მაღალი საბანკო პროცენტებია.

სარწყავი არხი, საიდანაც 2005 წლამდე სოფლების – სავანეთის და ტალავერის ასეულობით ჰექტარი მიწა ირწყვებოდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის მოსახლეობა და ფერმერები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  შპს „საქართველოს მელიორაციას“  სოფელში იმ სარწყავი სისტემის მოწესრიგებას სთხოვს, რომელიც 1970-იანი წლებიდან 2005 წლამდე ფუნქციონირებდა და რომლის მეშვეობითაც არა მარტო სავანეთის, არამედ მეზობელი სოფლის, ტალავერის ტერიტორიებიც, ასეულობით ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა ირწყვებოდა.

ბატონმა ფატულლაჰმა „ბიზნესკონტინენტს“ საბჭოთა პერიოდში აშენებული სარწყავი სისტემა და წყალსაქაჩი დანადგარებისთვის განკუთვნილი შენობა უჩვენა.

მისი თქმით, აქ 2005 წლამდე სამი დიდი მოცულობის ნასოსი იყო დამონტაჟებული და ამ სამი მოწყობილობის მეშვეობით, რომელიც ერთმანეთის მონაცვლეობით მუშაობდა,  სოფლების – სავანეთის და ტალავერის ასეულობით ჰა ტერიტორია ირწყვებოდა, უფრო ზუსტად 275 ჰა და დამატებით კიდევ 80 ჰა – ჯამში 355 ჰა.

„აქ დიდი თანხის დახარჯვა არ იქნება საჭირო, მხოლოდ ნასოსებია საყიდელი და შენობაა ხელშესავლები, მილები, თავადაც უყურებთ, რომ ხელუხლებელია. სხვათა შორის, ზოგიერთებს მათი მიწიდან ამოთხრა და გაყიდვა სურდათ, მაგრამ ხელი შევუშალე. მადლობა ღმერთს, ეს მილები ისევ აქ არის, მწყობრშია და აი, იმ მთამდეა მიწაში ჩაფლული (ხელით გვიჩვენებს სარწყავი არხიდან დაახლოებით 1,2კმ-ით მოცილებულ გორას), წყალი აქედან ადის და ზემოთ უკვე ასეულობით ჰა მიწის მორწყვის საშუალებას იძლევა, უფრო სწორად, იძლეოდა, რადგან ეს ამბავი უკვე სამწუხაროდ, წარსული ამბავია. აქ 15 წელია წყალს არ გაუვლია“, სინანულით ამბობს ბატონი ფატულლა ფატულლაევი.

იგი და თავისი სახნავ-სათესი მიწების გავლით იმ გორაკისაკენ მიგვიძღვება, სადაც ამ გიგანტურმა საბჭოთა მილებმა თავიანთი სიცოცხლით სავსე ცხოვრება დაასრულეს და ახლა, ზაფხულის გავარვარებულ მზისქვეშეთში გადახრუკულ, უდაბნოს დამსგავსებულ გარემოს, რომელსაც წყალს – ამ სივრცის მამოძრავებელ ძალას – ვერ აწვდიან, ნაღვლიანად, პირდაბჩენილი, გამეხებული  ვეშაპებივით გადაჰყურებენ…

გადაჰყურებენ მეტალისფრად გადაზნექილ უტყვ ველ-მინდვრებს, რომლებიც უწყლობის გამო ბერწ საძოვრებად გადაქცეულან და რომელთაც მხოლოდ მწყემსების იმედით სავსე გამომეტყველებითა და ცხვრების კუნტრუშითღა თუ ატყვიათ სიცოცხლის ნიშან-წყალი. 

ისევ ფერმერის სიმინდის ყანებისა და იქვე გამავალი არხისკენ მივემართებით, სადაც წყალსაქაჩი სადგური ეულად გადაჰყურებს მწყურვალ მინდვრებს.

დღეს ეს შენობა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სადგომადაა გადაქცეული და არავითარი ნიშან-წყალი არ არსებობს იმისა, რომ აქ ვინმე რამის გაკეთებას გეგმავდეს.

დაშლის პირასაა იქვე მდგომი დამხმარე შენობაც, სადაც ბოლნისის მელიორაციის სტრუქტურაში დასაქმებული ადამიანები მუშაობდნენ. 

„თუ თქვენ ამ საკითხის მოგვარებაში დაგვეხმარებით, ჩათვალეთ, რომ ამ სოფლის მოსახლეობა, აქაური ფერმერები, თქვენზე ილოცებენ“, თვალებაკიაფებულმა გვითხრა ფატულლა ფატულლაევმა და დააყოლა:

ფატულლა ფატულლაევი

ახლა ეს ტერიტორია და შენობა-ნაგებობები ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და დიდი ხანია ელოდებიან, რომ მისი პრივატიზაცია მოხდება, თუმცა როგორც ფერმერი გვიხსნის, უმჯობესი იქნებოდა ეს ტერიტორია სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში მყოფ შპს „საქართველოს მელიორაციას“ გადასცემოდა და მას მიეხედა აქაურობისთვის.

„თუკი ამ სარწყავ სისტემას აღადგენენ, დამერწმუნეთ, ისტორიული საქმე გაკეთდებოდა. ამით გაათკეცდება მოსავლიანობა და უხვი მოსავალი, პროდუქტებზე ნაკლები ფასებია. უფასოდ არაფერს ვითხოვთ, ჩვენ ყველანი ამ სარწყავი სისტემის გამოყენებისთვის სახელმწიფოს ფულს გადავუხდით, საათობრივად. აქ მორწყვის გარეშე არაფერი მოდის. ჩემი სიმინდის ყანა მინიმუმ 3-ჯერ მაინც უნდა მოვრწყა, სხვა შემთხვევაში აქ არაფერი არ მოგივა. ხომ ხედავთ, ზემოთ მეორე სარწყავი არხი, „კარასუს არხი“ შემოდის და ამით ვრწყავ ამ 6 ჰა მიწას, სადაც სიმინდი მითესია, მაგრამ ეს არასაკმარისია, თან ჩემს ნებაზეც ვერ ვრწყავ, ვრწყავ მხოლოდ მაშინ, როცა წყალი არის“, ამბობს ფერმერი.

იგი საკითხს კომპლექსურად აყენებს და მიიჩნევს, რომ ბოლნისს უნდა გააჩნდეს თავისი წყალსაცავი, წყლის შემნახველი ავზი, როგორც ეს აქვს მეზობელ დმანისს.

„დმანისს 3 ტბა აქვს, წყლის შემნახველი. არის იმის შანსი, რომ ეს ჩვენთანაც გაკეთდეს, ჩათახში. ამით მთელი ბოლნისის სარწყავი წყლით სრულად მომარაგება გახდება შესაძლებელი“, აცხადებს ბატონი ფატულლა.

კითხვაზე, რამდენად აქვს იმის იმედი, რომ ამ პრობლემის მოგვარებით დაინტერესდება ხელისუფლება, გამოცდილი ფერმერი პასუხობს:

„საკმაო ცხოვრების გზა გამოვიარე, ბევრი რამის მომსწრე ვარ. კომუნისტების დროს რაიონის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი ვიყავი სოფლის მეურნეობის განხრით. კომუნისტები ადვილად არ ნიშნავდნენ მაღალ თნამდებობებზე კადრებს, შეიძლება ითქვას, რომ გვწურავდნენ ბოლომდე… რა გითხრათ, მაგალითად, წელს, ზაფხულში, ივნისის თვეში აქ სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო მოსული. მე ეს საკითხი დავაყენე, მან კი მელიორაციის სამსახურს დაავალა ამის შესწავლა. დიდად შესასწავლი აქ არაფერია, ამას კეთილი ნების გამოხატვა და სათანადო რეაგირება სჭირდება და პრობლემაც მალე მოგვარდება, მაგრამ 3 თვეზე მეტი გავიდა და არაფერი არ გადაუწყვეტიათ, პასუხიც კი არავის მოუცია“, სევდიანად გვითხრა ბატონმა ფატულლამ.

ფერმერი ახლა საკუთარი თავის და ბანკების იმედადაა დარჩენილი – ბანკების, რომლებიც მას მხოლოდ 10 თვით ან მაქსიმუ 24 თვით აძლევენ კრედიტს, წლიურ 28%-ად, ასეთი მაღალი საპროცენტო განაკვეთი კი მას წარმოების გაფართოების შესაძლებლობას უსპობს.

„წინა წლებში ერთ-ერთი ქართული ბანკიდან მქონდა აღებული კრედიტი და შემოდგომაზე, სანამ მიღებული მოსავლის საფასურს გადამიხდიდნენ, ბანკმა მომთხოვა ვალის გადახდა, თან სასწრაფოდ და იძულებული გავხდი მეორე ბანკიდან 30%-იანი წლიური განაკვეთით ამეღო ახალი სესხი ძველის დასაფარად. ბანკების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ასეთი მიდგომა მიუღებელია.

აგერ, აზერბაიჯანში სახელმწიფოს სპეციალური ბანკი აქვს შექმნილი და მეწარმეებს 10 და 15-წლიან კრედიტებს აძლევს ძალზე შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთით, თან ზოგიერთებს პირველი 1-2 წელი არაფრის გადახდა არ უწევთ. ხომ შეიძლება ჩვენთანაც იყოს მსგავსი რამ?! ვიცი, საქართველოშიც არის „შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა“, მაგრამ ეს ყველასათვის არაა ხელმისაწვდომი.

„ჩვენთან რომ ნორმალური საპროცენტო განაკვეთები იყოს,  სახელმწიფოს არ დავუწყებდი ხვეწნა-მუდარას, თავად გავაკეთებდი არტერიულ ჭას და საკუთარი სარწყავი სისტემა მექნებოდა, მაგრამ ეს იმდენად ძვირი ჯდება, რომ ამას ვერ შევძლებ. 100 მეტრამდე მაინც უნდა ჩათხარო მიწა. 1 მეტრი 280 ლარი ჯდება, ჯამში 28 000 ლარია ამისთვის საჭირო. გარდა ამისა, 15 000 ლარი მოტორის და ელექტროენერგიისთვის უნდა დახარჯო, რაც უკვე 43 000 ლარამდე ადის. თუკი ამ თანხას ბანკი 3-დან 5 წლამდე ვადით მასესხებს, წავიდოდი ამაზე, სხვა შემთხვევაში ეს შეუძლებელია“, აცხადებს ფერმერი, რომელიც 3 ჰა-მდე ტერიტორიაზე არსებული ფერმის მეპატრონეცაა.

ფატულლა ფატულლაევის ფერმა

მას 40-მდე სული დეკეული ჰყავს და მომავალ წლებში ხორცის წარმოებასაც აპირებს.

იგი თავის ფერმერულ საქმიანობას მეუღლესთან და სამ ვაჟთან ერთად ეწევა და თავიანთ საწარმოშიც თითოეული მათგანი 20%-იანი წილის მფლობელია.

ფატულლა ფატულლაევის ერთ-ერთი ვაჟი, ელშან ფატულლაევი

„100%-იანი წილი 5 ნაწილად გვაქვს გაყოფილი – თითოეულს 20% გვეკუთვნის. ასე ყველა უფრო მეტად არის დაინტერესებული იმით, რომ საქმე წარმატებით წავიდეს წინ. ყველას ჩვენი მისია გვაკისრია. ისე არ გამოვა საქმე, რომ დედ-მამა მუშაობდეს და შვილები წამოკოტრიალებულები იყვნენ. ბანკიდან თანხების გამოტანისასაც ვალდებულებებს თანაბრად ვინაწილებთ“, გვიხსნის გამოცდილი ფერმერი.

მარცხნიდან მარჯვნივ: საფურა გასანოვა და რაფიგა ფატულლაევა

მისი თქმით, სარწყავი წყლის პრობლემა აქვთ სხვა ფერმერებსაც და რა თქმა უნდა, მათ რიგებშია, თავისი მეუღლეც, ქალბატონი რაფიგა ფატულლაევა, რომელიც პენსიაზე გასვლამდე სოფელ სავანეთის საჯარო სკოლაში აზერბაიჯანულ ენას და ლიტერატურას ასწავლიდა, ახლა კი შპს „ანატას“ დირექტორია და ასევე, მათივე თანასოფლელს, ქალბატონ საფურა გასანოვას, შპს „სავანეთი-2007“-ის დირექტორს.

რაფიგა ფატულლაევა

ქალბატონ საფურას სოფელ სავანეთში 4 ჰა მიწა აქვს და მისთვისაც ძირითადად სარწყავი წყალი წარმოადგენს პრობლემას.

საფურა გასანოვა

ამ ქალბატონებს ბევრი არაფერი უთქვამთ ჩვენთვის, მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ უზომოდ მადლიერები იქნებოდნენ  თუკი სარწყავი სისტემის საკითხი მოგვარდებოდა.  

საერთოდ, უნდა ითქვას, რომ აზერბაიჯანელი ქალბატონები საოცრად მოკრძალებული და მშრომელები არიან, მამაკაცებზე უფრ მეტადაც კი შრომობენ.  

სანამ ჩვენ ბატონი ფატულლაჰისგან ინტერვიუს ვიღებდით, მანამდე მისმა მეუღლემ, ქალბატონმა რაფიგამ სახელდახელო სადილი გაამზადა და მოგვართვა თავიანთ ფერმაში, სადაც უკვე წლებია მთელი ოჯახი ცხოვრობს.

სადილი, ადგილზე მოყვანილი თუ დამზადებული პროდუქტებით, უგემრიელესი იყო, აზერბაიჯანული ოჯახის მასპინძლობა კი გულითადი.

თბილისისკენ მომავალ გზაზე ვფიქრობდით:

ასეთ ადამიანებს – რომლებიც ასე დაუღალავად ქმნიან ქვეყნისთვის და რა თქმა უნდა, თავიანთი თავისთვისაც დოვლათს, თავჩარგულნი არიან ყანებსა თუ ბოსტნებში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ზაფხულის თაკარა სიცხე კომფორტულ გარემოშიც კი შემაწუხებელია – ნამდვილად მეტი ხელშეწყობა და დაფასება სჭირდებათ;

დაფასება სჭირდებათ ისეთ ადამიანებს, როგორიც ბატონი ფატულლა ფატულლაევია, რადგან მან სოფლის მეურნეობის საკითხებში ძალიან ბევრი რამ იცის, უაღრესად გამოცდილია და სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გამოიყენოს მისი გამოცდილება.

80 წელს გადაცილებული აზერბაიჯანელი მწყემსი სოფელ სავანეთში

პანდემიის შემოტევისას ხომ „პენსიონერი“ ექიმებისადმი იმედის თვალით შემყურენი აღმოვჩნდით. პანდემიისა და ჩაკეტილი სახელმწიფო საზღვრების პირობებში ხომ პროდუქტების დეფიციტის საშიშროებამ ჩაგვაფიქრა და შეგვაშფოთა?! და ვინ ქმნიამ ამ პროდუქციას, ქვეყნის დოვლათს – კაბინეტებში სავარძელზე მოკალათებული ჩინოვნიკები თუ ისეთი მეწარმეები, როგორიც ფატულლაჰ ფატულლაევი და მისი და მისი ოჯახის წევრთა მსგავსი ადამიანები?! რა თქმა უნდა ეს უკანასკნელნი…

ფატულლა ფატულლაევი

„არ მინდა ჩემი თავი და ცოდნა, რაც ამდენი ხნის განმავლობაში დავაგროვე, სასაფლაოს მიბარდეს ისე, რომ არ იქნეს სათანადოდ გამოყენებული“…

ამ სიტყვებით დაგვემშვიდობა ბატონი ფატულლა, რომელიც რამდენიმე დღეში სიმინდის მოსავალს აიღებს, შემოსული თანხების ნაწილით კი, 20 000-მდე ლარით, საბანკო ვალდებულებებს გაისტუმრებს და იმედით დაელოდება გაზაფხულს, რომელიც მის ფერმასა და სიმინდის ყანებში აუცილებლად დადგება.