საქართველო

რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ თუკი „შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე იქნება შესრულებული“, „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე და მესამე მოსმენაზე მონაწილეობას მიიღებს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღების შემდეგ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე და მესამე მოსმენაზე მონაწილეობას მიიღებს თუკი „შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე იქნება შესრულებული“, „წინააღმდეგ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობისა“ მონაწილეობის გარეშე, ეს კონსტიტუცია და მომავალი არჩევნები არ იქნება სრულფასოვანი“.

„მივესალმებით პარლამენტის ამ გადაწყვეტილებას. ეს ნიშნავს, რომ შეთანხმების ერთი ნაწილი არის შესრულებული. ახლა დარჩა მისი მეორე ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს პოლიტიკური დევნის შეწყვეტას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. როდესაც ეს შეთანხმება იქნება შესრულებული, ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე და მესამე მოსმენაზე მიიღებს მონაწილეობას. ეს იმას ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება მიღებული საერთო კონსენსუსით, რაც მეტ პოლიტიკურ სტაბილურობასა და მეტ ნდობას შემატებს საარჩევნო პროცესს ქვეყანაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მრავალი ოპოზიციური პარტიის მონაწილეობის გარეშე, ეს კონსტიტუცია და მომავალი არჩევნები არ იქნება სრულფასოვანი. ამიტომ, იმედს ვიტოვებთ, რომ მალე შეთანხმების ორივე მხარე იქნება სრულფასოვნად შესრულებული, რაც საშუალებას მოგვცემს დავბრუნდეთ დარბაზში“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.