ზომების შემსუბუქება და ეკონომიკის გახსნა აუცილებელია და კარგად უნდა დავიცვათ ბალანსი ერთი მხრივ, შემსუბუქების ნაბიჯებსა და პოლიტიკას შორის, მეორე მხრივ – მზადყოფნას შორის, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
„მზადყოფნა ნიშნავს, რომ რაც შეიძლება სწრაფად იყოს იდენტიფიცირებული ყველა ადამიანი, სადაც შესაძლო შემთხვევა შეიძლება იყოს კოვიდის და დღეს, გთხოვთ, თქვენ ირგვლივ მყოფი ყველა ადამიანი, ვისაც ტემეპერატურა ექნება მომატებული, ექნება ხველა, სუნთქვის გაძნელება და რესპირაციული სიმპტომები, ასეთად ჩათვალოთ.
დღეს, გრიპის ვირუსი აღარ ცირკულირებს, არის რამდენიმე რესპირატორული ვირუსი, ამიტომ, ამ ტიპის სიმპტომის მქონე ყველა ადამიანმა უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს ტელეფონით, ან 112-ზე დარეკოს. საჭიროა ყველა ასეთი ადამიანის კოვიდზე გამოკვლევა ლაბორატორიულად, PCR ტექნოლოგიით.
თუ ექიმთან დარეკვა არ გინდათ, შეგიძლიათ მიმართოთ ცხელების კლინიკებს, სადაც ჩაგიტარდებათ კვლევა და 24 საათში გეცოდინებათ პასუხი. ჩვენ გადავდივართ ამბულატორიულ ტესტირებებზე და არ არის საჭირო, რომ დარჩეთ, თუ რა თქმა უნდა, სტაციონარში მოთავსების კლინიკური ჩვენება არ იქნება.
ადამიანს თუ აწუხებს სიმპტომები, შეუძლია, მივიდეს, აიღოს ტესტი – მას 24 საათში ექნება პასუხი, ის წავა სახლში, სხვაგან – არა. თუ პასუხი უარყოფითი იქნება, ის თავისუფლად განაგრძობს ცხოვრებას, თუ – დადებითი, რა თქმა უნდა, კოვიდის კლინიკაში გადაიყვანენ. მისი ოჯახის წევრებიც იქნებიან იზოლირებული, კარანტინში და გამოკვლეული.
ამ ზაფხულის განმავლობაში, შესაძლო შემთხვევები, სადაც კი ეს სიმპტომები ჩნდება, რომ არ გაგვეპაროს კორონავირუსი, ყველა უნდა დაიტესტოს. უმრავლეს შემთხვევაში, შესაძლოა, კოვიდი არ იყოს, თუმცა ჩვენ ეჭვი უნდა მივიტანოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.