საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ აქტიურად განაგრძობს ქართულ პოლიტიკაში ჩართულობას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ბრძოლის ყველაზე წინა ხაზზე“ იდგება, რადგან მისი თქმით, „წელს გადაწყდება სწორედ, სამუდამოდ ვიქნებით თუ არა მონები, მთელი დარჩენილი ცხოვრება, ივანიშვილის ჰესებზე, ბიტკოინების ქარხნებზე, ივანიშვილის მიწებზე, ივანიშვილის ოქროს საბადოებზე, თუ ვიქნებით, თავისუფალი ქვეყნის ამაყი მოქალაქეები“.
„ფეისბუქზე“ ახლახან გამოქვეყნებულ ვიდეოში სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობა უკიდურესად არის გაღარიბებული, პენსიონერები და უმუშევრები ვერ ყიდულობენ მათთვის აუცილებელ საკვებ პროდუქტებს და ივანიშვილის „ქართული ოცნების“ მმართველობიდან 8 წლის შემდეგ ქვეყანაში სახეზეა „17%-ით ვარდნა ერთიანი ეროვნული პროდუქტის ეკონომიკაში, 42%-ით ვარდნა ინვესტიციების, 1 მილიარდ 800 მილიონი ლარით შემცირებული შემოსავლები“, ამ ფონზე კი, სააკაშვილის განცხადებით, ივანიშვილი, გახარია, თურნავა, მოსამართლეები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები ხალხის ძარცვის ხარჯზე მდიდრდებიან.
„გუშინ ვუყურე სიუჟეტს, თუ როგორ ირჩენს პენსიონერი მასწავლებელი თავის მინდორში მოკრეფილი ბალახით თავს და თუ როგორ ვერ ყიდულობენ ვერც ერთი სახეობის ხილს საქართველოში უმუშევრები და პენსიონერები. 90-იანი წლების დროსაც იყო ასეთი რაღაცა, მახსოვს კარგად, მაგრამ ასეთი მასშტაბის სადისტური, დამცინავი დამოკიდებულება საკუთარი ხალხის მიმართ მე არ მინახავს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ არსად, სადაც ვყოფილვარ მსოფლიოში. სად ვართ, ივანიშვილის „ოცნების“ მმართველობიდან 8 წლის შემდეგ: 17%-ით ვარდნა ერთიანი ეროვნული პროდუქტის ეკონომიკაში, 42%-ით ვარდნა ინვესტიციების, 1 მილიარდ 800 მილიონი ლარით შემცირებული შემოსავლები. საქართველოს ეკონომიკა ამ კრიზისის პირობებში 2-ჯე რუფრო ნაკლებად ვითარდება, ვიდრე სომხეთის და აზერბაიჯანის ეკონომიკა, 2-ჯერ უფრო მეტად ეცემა იმ პირობებში, როცა ჩვენ გვქონდა მთელს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სასტარტო პირობები. ერთადერთი, რაც იზრდება საქართველოდან, ეს არის ოქროს ექსპორტი, ივანიშვილის ბიზნესი. ვერაფრით ვერ დამთავრდა, პირიქით, იზრდება, ამ მანიაკის ნამდვილი ავადმყოფური ღორობა და ამას ყველაფერს ჩვენ შევყურებთ და ვიღებთ, გეგონება ასე უნდა იყოს. სამაგიეროდ, მთავრობამ გამოაცხადა, ამ ყველაფრის ფონზე, რომ იღებს ახალ ვალს 8 მილიარდის ოდენობით. რომ წარმოვიდგინოთ, ჩემი პრეზიდენტობის დროს ერთიან ეროვნულ პროდუქტში ვალის რაოდენობა შემცირდა თითქმის 2-ჯერ, ამათ რამდენჯერმე გაზარდეს, ახლა ზრდიან კატასტროფულად და ეს ვალი მთლიანად დააწვება თითოეული ქართველის ოჯახს, მრავალი წლის და შეიძლება თაობების განმავლობაში. და ეს ვალი რომ გადათვალოთ საქართველოს მოსახლეობის თითოეულ ოჯახზე, თუ გამოვაკლებთ 5-7%-ს, ვისაც არ სჭირდება ფული, თითოეულ ოჯახს უნდა შეხვდეს 10 000 ლარი – პირდაპირ უნდა მისცენ ამ აღებული ვალიდან, მაგრამ თქვენ გგონიათ ხალხისთვის იღებენ ამ ვალს?! ეს ვალი მოხმარდება ისევ მათ გამდიდრებას, ისევ მათ სახლებს.
„როდესაც ეკონომიკის ურცხვი მინისტრი, ე.წ., თურნავა მოუწოდებს ხალხს, შემოიჭიროს ქამრები და ამ დროს იშენებს უზარმაზარ სასახლეს; როდესაც ყველა მოსამართლეს აქვს უზარმაზარი სასახლე; როდესაც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ლატიფუნდისტი, ივანიშვილის შემდეგ არის გახარია, ამ პირობებში ეს ფული მთლიანად გადაედინება მათ უცხოურ ანგარიშებში, მათ სახლებში, მათ ქონებებში, მათ მიწებში და შემდეგ ყველაფერი, მას შემდეგ რაც ამათ მოვიშორებთ, ინება თითოეული ჩვენგანის გასასტუმრებელი.
„ივანიშვილს აქვს მხოლოდ ერთი ოცნება, ნამდვილი ოცნება, რომელიც მას გაცხადებული აქვს, რომ დროზე გაიხსნას ევროპის მიმართულებით ფრენები და დროზე, „უან უეი თიკეთით“, ცალ მხარეს გაისტუმროს საქართველოს მოსახლეობა, ვინაიდან, ეს მიწები, ეს ქონებები, ეს ყველაფერი, ეს აღებული ვალი მათ შორის, მთლიანად, ხელის შეშლის გარეშე ჩაიდოს ჯიბეში.
„უტიფრობა და ცინიზმი არის მთავარი მათი თვისებები. მთავარი ცინიზმი კი იმაშია, რომ ამ აღებულ ვალს, თქვენს გადასახდელ ვალს, ისინი დახარჯავენ საკუთარ ქონებებზე და არჩევნების წინ მოგიგდებენ 5 კილო კარტოფილს, ზეთს და ისევ მრავალი წლით აპირებენ თქვენი ძარცვის და განადგურების უფლების ყიდვას. ეს ფულები გადაედინება კალაძის „არქი ჯგუფში“, გომელაურის მოკავშირე და მეგობარ „ორბი ჯგუფში“, იმათ სასახლეებში.
24 მილიარდით გაიზარდა მათთი მმართველობის დროს საქართველოს საგარეო ვალი და ის არ აპირებს გაჩერებას, ის აპირებს გაგრძელებას და უმძიმესი კორონავირუსი გამოიყენა არა ხალხის დასახმარებლად, არამედ ამ საფარის ქვეშ ახალი მიწების მისათვისებლად, ახალი ქონებების ჩასაგდებად, ახალი ტენდერების მოსაგებად და გამოიყენა საქართველოს მოსახლეობის კიდევ უფრო მეტ სიღარიბეში შესაყვანად. ყველგან, მსოფლიოში, ნორმალურ ქვეყნებში, მთავრობა ეხმარებოდა ხალხს, ამან ბოლომდე გააღარიბა ხალხი და ეს ასე იქნება, სანამ მათ ისტორიის სანაგვეზე არ გავისტუმრებთ.
„ამიტომ, მე არ ვაპირებ მშვიდად ვუყურო საქართველოს განადგურებას… ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ. ახლა ადგილების გაყოფის დრო, არც ახლა და არც მომავალში არასოდეს არ დადგება და ვისაც გვინდა ჩვენს ხალხს დავეხმაროთ, ყველანი უნდა დავდგეთ ერთად. მე ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად ვიქნები ამ ბრძოლის ყველაზე წინა ხაზზე. წელს გადაწყდება სწორედ, სამუდამოდ ვიქნებით თუ არა მონები, მთელი დარჩენილი ცხოვრება, ივანიშვილის ჰესებზე, ბიტკოინების ქარხნებზე, ივანიშვილის მიწებზე, ივანიშვილის ოქროს საბადოებზე, თუ ვიქნებით, თავისუფალი ქვეყნის ამაყი, წელში გამართული მოქალაქეები. წელს ან საბოლოოდ დაიღუპება ჩვენი ქვეყანა ან ის გაიმარჯვებს, მესამე ვარიანტი არ არსებობს. ამიტომ, ჩვენც, რა თქმა უნდა ვემზადებით გამარჯვებისთვის“, აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
GUARDIAN.GE