99 ხმით – 6-ის წინააღმდეგ, საქართველოს პარლამენტმა მამუკა ბახტაძის მეთაურობით საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა.
მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში სამი ახალი მინისტრია.
საგარეო საქმეთა მინისტრად – დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად გიორგი ჩერქეზიშვილი, ხოლო ფინანსთა მინისტრად – ნიკოლოზ გაგუა დაინიშნენ.
საკანონმდებლო ორგანომ, ასევე, ნდობა გამოუცხადა წარდგენილ სამთავრობო პროგრამას – „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“.
მამუკა ბახტაძემ მადლობა გადაუხადა პარლამენტის წევრებს გამოცხადებული ნდობისთვის და განაცხადა, რომ უმოკლეს დროში წარმოადგენს იმ ცვლილებებს, რომლებიც ქვეყანას განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს და ჩამოაყალიბებს ისეთ სისტემას, რომელიც უკეთესად გაუმკლავდება ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.