მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

სამხრეთ კაროლინის „დემოკრატების“ პრაიმერში ჯო ბაიდენმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს სამხრეთ კაროლინაში „დემოკრატიული პარტიის“ პრაიმერში დიდი უპირატესობით გამარჯვების მოპოვებამ გაუჩინა იმის შანსი, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში იგი იყოს მოქმედი „რესპუბლიკელი“ პრეზიდენტის მეტოქე, მიუხედავად იმისა, რომ ამავე შტატში მეორე ადგილზე გასული მემარცხენე ფრთის ვერმონტელი სენატორი ბერნი სანდერსი დღეს არსებული მდგომარეობით მოწინავე პოზიციას ინარჩუნებს. გაცილებით მკაფიო სურათი მიმდინარე კვირას, სუპერ სამშაბათის კენჭისყრისას გამოიკვეთება, როცა უკვე დანარჩენ 14 შტატში ერთდროულად გაიმართება არჩევნები. სამხრეთ კაროლინა მხოლოდ მეოთხე შტატია, სადაც ამ დრომდე კენჭისყრა შედგა.

ეს ბაიდენის პირველი გამარჯვებაა პრაიმერში მას შემდეგ, რაც მან აიოვაში, ნიუ ჰამფშირსა და ნევადაში დამარცხება იწვნია. სამხრეთ კაროლინაში გამარჯვების შემდეგ წარმოთქმულ სიტყვაში ბაიდენმა თქვა: „სულ რაღაც დღეების წინ პრესამ და ექსპერტებმა ეს კანდიდატი მკვდრად გამოაცხადა. ახლა მე ყველას მადლობას გიხდით – „დემოკრატიული პარტიის“ გულს – ჩვენ უბრალოდ გავიმარჯვეთ და ჩვენ დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ“.

ჯო ბაიდენმა სამხრეთ კაროლინის პრაიმერში ხმების 48.4% მიიღო და მეორე ადგილზე გასულ ბერნი სანდერსზე 19.9%-ით, ხოლო მილიარდერ ტომ სტეიერზე 11.3%-ით წინ არის. ეს სტეიერის ყველაზე კარგი შედეგია პრაიმერებში, მაგრამ იგი ახლა თავის კამპანიას გამოეთიშება და შემდგომ პრაიმერებში მხოლოდ 7 კანდიდატი დარჩება.

GUARDIAN.GE