საქართველო

მიხეილ ბატიაშვილმა განათლების მინისტრის პოსტი დატოვა და განაცხადა, რომ თანამდებობიდან წასვლის მიზეზი არის პირადი

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მიხეილ ბატიაშვილმა განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის მინისტრის თანამდებობის დატოვების თხოვნით მიმართა.

„მეორე საკითხი გახლავთ ჩვენი კოლეგის, მიხეილ ბატიაშვილის თხოვნა, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვოს თანამდებობა – განათლების, სპორტის და კულტურის მინისტრის. რა თქმა უნდა, ჩვენ პირველ რიგში ბატონ მიხეილს მადლობა უნდა გადავუხადოთ გაწეული შრომისთვის, იმ სისტემური და უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყებისთვის, რასაც ჰქვია განათლების სისტემის სისტემური რეფორმა და რა თქმა უნდა, იმ მიღწევებისთვის, რაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა სპორტში, ასევე კულტურის მიმართულებით“, განაცხადა გიორგი გახარიამ და დაამატა, რომ განათლების სისტემა მოითხოვს უფრო სწრაფ და ეფექტურ განვითარებას.

გახარიას მთავრობის სხდომაზე არ დაუსახელებია თუ ვინ შეცვლის განათლების მინისტრის პოსტზე მიხეილ ბატიაშვილს.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ყოფილმა მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ უწყების გაყოფასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს და რამდენიმე ვერსია განიხილება, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

„სამინისტროს გაყოფის თემასთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები – არის რამდენიმე ვერსია, რომელიც შეეხება, როგორც გაყოფას, ისე შესაძლოა, დატოვებას. ეს პროცესი მუდმივად მიმდინარეობს და სავარაუდოდ შეიძლება განხორციელდეს შემდეგი წლიდან. საკმაო დროა, რომ წლის ბოლომდე ჩამოყალიბდეს სწორი ხედვა. კონკრეტულად როგორ მოხდება, თუ მოხდა საერთოდ, ბოლომდე ვერ დაგიდასტურებთ, მაგრამ დრო არის იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს გრძელვადიანი ხედვა, რომელიც საქმეს წაადგება“, განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მან თქვა, რომ თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა.

„მინდა გითხრათ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო მინისტრის თანამდებობა. ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი არის პირადი და დიდ იმედს გამოვთქვამ, ამას არ მოყვება დამატებითი პოლიტიკური სპეკულაციები.

ამასთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები მქონდა პრემიერ მინისტრთან და ძალიან ვაფასებ მის მხარდაჭერას როგორც ზოგადად, განათლების სისტემის მიმართ, ასევე, ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ასევე, მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა მას, რომ პირადად აქტიურად არის ჩართული რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროცესებში“, აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.