აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

830-ზე მეტი ადამიანია დაღუპული 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრისა და მისგან გამოწვეული ცუნამის შედეგად ინდონეზიაში

ინდონეზიაში პარასკევს მომხდარი 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრისა და მისგან გამოწვეული ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 832-ს გადააჭარბა, თუმცა მოელიან, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება, რადგან ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი ითვლება დაკარგულად.

დანგრეულია ათასობით სახლი, ასევე საავადმყოფოები, სასტუმროები და სავაჭრო ცენტრები. როგორც BBC იუწყება, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი დაღუპულების მასობრივად დასაფლავებას იწყებენ, რადგან დაავადების გავრცელებას შიშობენ.

ყველაზე მეტად ქალაქი პალუ დაზარალდა. ვარაუდობენ, რომ ნანგრევების ქვეშ ათეულობით ადამიანია ცოცხლად მოყოლილი.

„კომუნიკაცია შეზღუდულია, მძიმე ტექნიკა შეზღუდულია… ეს არ არის საკმარისი იმ რაოდენობის შენობებისთვის, რომლებიც ჩამოიქცა“, განაცხადა ეროვნული კატასტროფის პრევენციის სააგენტოს წარმომადგენელმა, სუტოპო პურვო ნუგროჰომ.

7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ პარასკევს ცუნამის საფრთხე გამოცხადდა, მაგრამ ჯერ კიდევ უცნობია, იყო თუ არა ეს საფრთხე მოხსნილი იმ დროს, როცა 6 მეტრის სიმაღლის ტალღებმა ქალაქ პალუს გადაუარეს.

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ყვირის ხალხი, როცა სანაპიროს, სადაც ზეიმი იყო დაგეგმილი, 6 მეტრის სიმაღლის ტალღებმა გადაუარა და მიწისაგან პირისა აღგავა ყველაფერი.

უბედურების ზონად გამოცხადებულ რეგიონს ქვეყნის პრეზიდენტი ჯოკო ვიდოდო ესტუმრა და დაჟინებით მოუწოდა სამაშველო სამსახურებს „დღე და ღამე“ გასწიონ ძალისხმევა, რათა ნანგრევებიდან ამოიყვანონ გადარჩენილები.

ინდონეზიის იუსტიციის მინისტრმა კი განაცხადა, რომ 1 200 მსჯავრდებული გაიქცა სამი სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სულავესის რეგიონში, მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ.

guardian.ge