აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

6 500-ზე მეტი მიგრანტი მუშა დაიღუპა ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის სამუშაოებზე

6 500-ზე მეტი მიგრანტი მუშა დაიღუპა ყატარში, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოებისას, იტყობინება ბრიტანული „The Guardian“-ი.

მთავრობის მონაცემებით, დაღუპულთა შორის არიან ინდოეთის, პაკისტანის, ნეპალის, ბანგლადეშის და შრი ლანკას მოქალაქეები. 2010 წლიდან, როცა ყატარი „FIFA“-ს მიერ  2022 წლისთვის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლებით დაჯილდოვდა, სამშენებლო სამუშაოებზე, კვირაში საშუალოდ 12 მუშა იღუპებოდა.

„Amnesty International“-ის ცნობით, მიგრანტი მუშების მიმართ ადგილი აქვს „ექსპლუატაციას“. „მათ არ შეუძლიათ სამუშაოს შეცვლა, მათ არ შეუძლიათ ქვეყნის დატოვება,  და ხშირად ისინი თვეობით ელოდებიან ხელფასს“, ნათქვამია ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციის მოხსენებაში.

„ The Guardian“-ის თანახმად,  2010 წლის შემდეგ ყატარში მუშაობის პერიოდში 2 711 მუშა დაიღუპა ინდოეთიდან, 1641 ნეპალიდან, 1 018 ბანგლადეშიდან, 824 პაკისტანიდან და 557 შრი ლანკადან.  „The Guardian“-ი ვარაუდობს, რომ სიკვდილიანობის ფაქტობრივი მაჩვენებელი იმაზე „საგრძნობლად მაღალი“ უნდა იყოს, ვიდრე ეს სამთავრობო მონაცემებშია მითითებული.

ყატარი, რომლის მოსახლეობაც 3 მილიონზე ნაკლებია, 2 მილიონ მიგრანტ მუშაზეა დამოკიდებული და მათ იყენებს თავის სამუშაო ძალად.

სიკვდილიანობის ოფიციალურ მიზეზებს შორის დასახელებულია, დენის დარტყმა, სიმაღლიდან გადმოვარდნის შედეგად ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები და თვითმკვლელობა. ანგარიშის თანახმად, სიკვდილიაონობის უმეტესი შემთხვევები „ბუნებრივად“ არის მიჩნეული და გამოწვეულია გულის ან ჰაერის უკმარისობით.

ზაფხულის განმავლობაში, დღისით, ყატარში ტემპერატურა 48 გრადუს ცელსიუსაც კი შეიძლება მიუახლოვდეს. ასეთი აუტანელი სიცხეების გამო, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ყატარში ზაფხულის ნაცვლად, ნოემბერსა და დეკემბერში გაიმართება.

GUARDIAN.GE