საქართველო

6 ადამიანია დაღუპული მინდელის შახტის გვირაბში ჭერის ჩამოშლის შედეგად – ტყიბულში დიმიტრი ქუმსიშვილი გაემგზავრა

ტყიბულში, მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ შემთხვევის შედეგად 6 ადამიანია დაღუპული.

„მიმდინარე წლის 5 აპრილს, გამთენიისას, „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ ქალაქ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტის N1 უბანში რამდენიმე ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო.

შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე მყისიერად გამოცხადდნენ სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლის მოჰყვა. ჩამონგრევის დროს, ამავე შახტაში მყოფმა სამთო ოსტატმა – 1963 წელს დაბადებულმა გ. ნ.-მ, სამთო მუშებმა: 1981 წელს დაბადებულმა ი. კ.-მ და 1963 წელს დაბადებულმა მ. ა.-მ ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს. ისინი ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

შემთხვევის შედეგად, სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს ამავე შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატმა: 1972 წელს დაბადებულმა მ. ქ.-მ, ოსტატ-ამფეთქებელმა – 1968 წელს დაბადებულმა ბ. გ.-მ, სამთო მუშებმა – 1992 წელს დაბადებულმა პ. გ.-მ, 1959 წელს დაბადებულმა გ. რ.-მ, 1990 წელს დაბადებულმა გ.ბ.-მ და 1966 წელს დაბადებულმა ე.ბ-მ. ყველა მათგანი, მიღებული დაზიანებების შედეგად, გარდაიცვალნენ. ამ დროისთვის, მიმდინარეობს შემთხვევის ადგილზე მყოფი მუშების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ტყიბულში გაემგზავრა.

ამ დროისთვის არსებული, წინასწარი ინფორმაციით, მინდელის შახტაში, დაახლოებით 03.45 საათზე, დასავლეთის მე-10 ველში, პირველ ნახშირმომპოვებელ უბანში, სავარაუდოდ, მოხდა ე.წ. „სამთო დარტყმა,“ (გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება), რამაც კაპიტალურ გვირაბებში მყოფი ექვსი თანამშრომლის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო სამი ადამიანი გადაყვანილია ქუთაისისა და ტყიბულის საავადმყოფოებში.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს გარდაცვლილთა ამოყვანის სამუშაოები. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია მოკვლევა.

ადგილზე უკვე მუშაობენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, ჯანდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმერეთის გუბერნიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ჯგუფები.